ბლოგი

15:58 | 2.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რას იზამს “სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატზე?

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელი “მკვდრეთით აღდგომა“ მთელს მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტების მუდმივ განხილვის საგნადაა ქცეული. იტალია დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა და ზოგადად არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წლების მანძილზე არსებული კრიზისი როგორც ჩანს დასრულდა და “სკუადრა აძურა“ აღმავლობის გზასაც დაადგა. მაგრამ, რამდენად აისახება ეს ყველაფერი მიღწევებში და ხელშესახებ წარმატებებში - ამას ყველაზე ნათლად მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატი გვაჩვენებს.

ხსენებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებისთანავე დაისვა კითხვები, რომლებიც პრინციპში დღემდე პასუხგაუცემელია. მთავარი ინტრიგა კი ისაა - იტალიის გაცოცხლების მესაფუძვლე მათი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი უფროა, ფეხბურთელთა ახალი, ნიჭიერი თაობის წარმოჩენა თუ უბრალოდ დადგა დრო, როდესაც წარუმატებლობები ბუნებრივად დასრულდა და ყველაფერი ჩვენთვის უხილავი გეგმის მიხედვით მიდის.

შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული ერთმანეთზე კარგი მატჩების შეფასებისას რობერტო მანჩინი გამუდმებით იმეორებდა, რომ მისთვის ჯგუფში გამართული შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი იყო და საზეიმო არაფერი იყო იმაში, რომ იტალიელმა ფეხბურთელებმა ყველა მეტოქეს დიღმის ქარიშხალივით გადაუარეს.

არადა, ვისაც მუდმივად დაცვაზე ორიენტირებული და ჩაკეტილი თამაშისმოყვარე “სკუადრა აძურას“ რაობა მოეხსენება, ამ ყაიდისა და სათამაშო სტილის მქონე გუნდისგან მიჯრით გამარჯვებები მართლაც რომ გასაკვირია და ფეხბურთის ბევრი სტაჟიანი ქომაგიც ვერ გაიხსენებს დროს, როდესაც იტალიის ნაკრები ბევრი გოლის გატანას ასე გადარეული მძვინავარებით ესწრაფვოდა.

იტალიური ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდა რობერტო ბაჯო მისი მშობლიური ნაკრების ამჟამინდელ თაობას დიდი იმედით უყურებს და ამბობს, რომ 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხებული მისი ნაკრები ძალიან ჰგავს ახლანდელ გუნდს და იმასაც ამბობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს ბოლო ათწლეულებში შექმნილი მითი, რომ თითქოს “სკუადრა აძურას“ ფეხბურთი სანახაობრივი არ უნდა იყოს და შეტევითი სტილი აპენინელებს უბრალოდ არ გამოსდის. მანჩინის გაწვრთნილი ბიჭები მუდმივად ამტკიცებენ საპირისპიროს.

როგორც ვიცით პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა და ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდებიც კი ხშირად ისეთ გუნდებს უწინასწარმეტყველებენ ჩემპიონობას, რომლებიც საბოლო ჯამში ჯგუფიდანაც კი ვერ გადიან - ხოლმე. მით უმეტეს რთულია ზუსტად განსაზღვრო როგორ ფორმაში იქნება იტალიის ნაკრები მიმდინარე წლის ივნის-ივლისში. თუმცა, ახალი ჟამის იტალიის ნაკრები გამორჩეული და სრულიად განსხვავებულად მობურთალი გუნდი რომაა - ეს ერთი შეხედვითაც ჩანს და მანჩინის დამოძღვრილთა მიმართ ყველა დიდი ინტრიგით ვართ აღვსილი. ფეხბურთის მთელი მარილიც ხომ ესაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111086