ფეხბურთი

20:57 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "ჩაკვეტაძისთვის ახლა ყველაზე რთული პერიოდი იწყება"

ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წინა ტურში „გენკთან“ ქართველი არ ათამაშა, მასთან პირადად ილაპარაკა.

თორუპს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩაკვეტაძე ძველ ფორმას დაიბრუნებს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, ახლა მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყება.

„გიორგი ვესაუბრე და ვკითხე იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ „გენკთან“ თამაშის შესაძლებლობა არ მივეცი. ახლა მისთვის ყველაზე რთული პერიოდი დადგა. რეაბილიტაციის პერიოდი რთულია, მაგრამ ახლა გუნდისთვის უნდა იბრძოლოს. მან თავად განაცხადა, რომ 90%-ით თამაში შეუძლია. ვარჯიშზე ვხედავთ, რომ მას უკვე შეუძლია თამაშში ცვლილების შეტანა, ის მალე დაუბრუნდება ძველ ფორმას, ამის ყოველთვის მჯეროდა. თუმცა, თამაშიდან თამაშამდე უნდა დავაკვირდეთ“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე გასული წლის მიწურულს, დეკემბერში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული (ჯამში 57 წუთი). "გენტი" იუპილერ ლიგის მორიგ ტურში 1 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე, "მეხელენს" სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119516