ჩოგბურთი

15:47 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკი ფინალშია: ჯოკოვიჩმა ფედერერს ისევ აჯობა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს. სერბმა ჩოგბურთელმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს ნახევარფინალში საკმაოდ ადვილად, სამ სეტში 7:6, 6:4, 6:3 აჯობა. შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

ეს იყო სერბისა და შვეიცარიელის 50-ე დაპირისპირება და ნოლემ უპირატესობა გაიმყარა: 27 გამარჯვება 23 მარცხის საპირისპიროდ. სხვათა შორის, დიდი მუზარადის ტურნირებში ფედერერს ჯოკოვიჩი 2012 წლის უიმბლდონის ნახევარფინალის შემდეგ არ დაუმარცხებია.

ფედერერს საზარდული აწუხებდა, რის შესახებაც ორი დღის წინ მეოთხედფინალში სანდგრენთან გამარჯვების შემდეგაც ისაუბრა. როჯერის პრობლემამ თავი პირველივე სეტში იჩინა, რომელსაც დამაჯერებლად, 4:1 და 5:3-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება სერბს დარჩა. მომდევნო ორ სეტში ნოვაკმა შედარებით ადვილად მოახერხა მოგება და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჯოკოვიჩი მერვედ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ხოლო დიდი სლემის ტურნირებზე ეს მისი 26-ე გადამწყვეტი მატჩი იქნება. სხვათა შორის, ნოლეს ავსტრალიაში ფინალი არასდროს წაუგია და თავისი დიდი სლემის 16 ტიტულიდან 7 სწორედ მელბურნში აქვს მოპოვებული.

გამარჯვების შემთხვევაში სერბი რაფაელ ნადალთან (19 დიდი სლემის ტიტული) და როჯერ ფედერერთან (20) ჩამორჩენას შეამცირებს.

ნოვაკის მეტოქე 31 იანვარს გაირკვევა. მეორე ნახევარფინალში რეიტინგის მეხუთე ნომერი დომინიკ ტიმი მეშვიდე ნომერ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

0.147882