ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესა ბრაიანტმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ვანესამ მილიონობით ადამიანს სითბოსთვის და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე და ჩემმა გოგოებმა მინდა მადლობა გადავუხადოთ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც ამ საშინელ მომენტში სიყვარული და მხარდაჭერა გვიჩვენეს. მადლობა ყველა ლოცვისთვის, ეს ნამდვილად გვჭირდება. ჩვენ სრულიად განადგურებულები ვართ ჩემი საყვარელი ქმრის, რომელიც იყო წარმოუდგენელი მამა შვილებისთვის, კობისა და ტკბილი ჯანას უეცარი დაკარგვით. ის იყო ძალიან მოსიყვარულე შვილი და ფანტასტიკური და ნატალიასთვის, ბიანკასთვის და კაპრისთვის. ჩვენ ასევე განადგურებულები ვართ იმ ოჯახების გამო, რომლებმაც კვირას საკუთარი ახლობლები დაკარგეს, ვიზიარებთ მათ ტკივილს. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომ ახლა ჩვენი ტკივილი აღვწეროთ. მამშვიდებს ის აზრი, რომ კობის და ჯანას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ჩვენ წარმოუდგენლად გაგვიმართლა, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. ვისურვებდი, რომ სამუდამოდ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ისინი ჩვენი მშვენიერი საჩუქრები არიან ზეციდან, რომლებიც ძალიან ადრე წაიყვანეს. დარწმუნებული არ ვარ, როგორ იზრუნებს ცხოვრება ჩვენთვის, რადგან შეუძლებელია იმის წარმოდგენა თუ რა იქნება მათ გარეშე. თუმცა, ჩვენ ყოველდღე ვიღვიძებთ იმ იმედით, რომ კობი და ჯიჯი გზას გაგვინათებენ.
ჩვენი სიყვარული მათთვის უსასრულო, განუმეორებელია. მინდა, რომ მათი ჩახუტება შემეძლოს, ვისურვებდი, რომ მეკოცნა და სამუდამოდ მათთან ვყოფილიყავი. მადლობა, რომ გაიზიარეთ ჩვენი ტკივილი და მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ. ჩვენ ვითხოვთ პატივისცემას და კონფიდიენციუალურობას, რომელიც დაგვჭირდება ამ ახალი რეალობის ნავიგაციაში.
Mamba Sports Foundation-მა დააარსა MambaOnThree-ს ფონდი, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. ფონდში დონაციისთვის შეგიძლიათ, ესტუმროთ ვებგვერდს MambaOnThree.org.
მადლობა, რომ ლოცვებში გვიხსენიებთ და კობის, ჯიჯის, ნატალიას, ბიანკას, კაპრისა და ჩემი სიყვარულისთვის“, - დაწერა ვანესამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კალიფორნიაში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად ტრაგედიას რვა ადამიანი, მათ შორის, მისი 13 წლის შვილი, ჯანა (ჯიჯი) ბრაიანტი ემსხვერპლა.