ფეხბურთი

20:04 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ბრაიანტის ტრაგედიაზე: "მაქვს განცდა, რომ ყველა დაუცველია"

ტურინის „იუვენტუსისა“ და ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი დღეს იუბილარია - 42 წლის გახდა. ბუფონმა Sky Sport-თან ისაუბრა და მიუხედავად ასაკისა, კარიერის დასრულება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. როგორც იტალიელმა განაცხადა, სეზონის დარჩენილ ნაწილს დაელოდება და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, ჯიჯი კობი ბრაიანტის ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედია ტოვებს განცდას, რომ ყველა ადამიანი დაუცველია.

დაბადების დღე - გარკვეული ასაკის შემდეგ, წლების მატება დიდად საზეიმო არაა, მაგრამ ეს გარდაუვალია და ყოველთვის უნდა შევხვდეთ ღიმილით და კმაყოფილებით. 42 წლის ასაკში ფეხბურთელობა ნიშნავს, რომ ბედნიერი ადამიანი ხარ.

კობი ბრაიანტი - როდესაც ასეთი ტრაგედია მსგავს მნიშვნელოვან პიროვნებას ცხოვრების შუა ნაწილში ემართება, გიჩენს განცდას, რომ დაუცველი ხარ. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ასეთ წმინდა მონსტრს და ისეთ შეუდარებელ სპორტსმენს, როგორიც კობი იყო, მსგავსი დასასრული ექნებოდა.

„ნაპოლისთან“ მარცხი - ძალიან ცუდი მარცხი იყო, ცუდი გზა ავირჩიეთ, რადგან შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა. მაგრამ ვფიქრობ, ეს ისეთი დელიკატური და უარყოფითი მომენტია, რომელიც სეზონის განმავლობაში საჭიროა, გარკვეულ ეტაპზე შიმშილისთვის. დიდი ხანია სპორტში ვარ და ეს რომ სკუდეტოსთვის გადამწყვეტი მატჩი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ მოვიგებდით.

სკუდეტო - ჩემპიონატში ბრძოლა ბოლომდე იქნება. „ლაციო“ რაღაც გამონაკლისს აკეთებს და საოცრად თამაშობს. ის ფაქტი, რომ ამ გუნდს შუა კვირის მატჩები არ აქვს, გავლენას მოახდენს ბრძოლაში მის ბოლომდე დარჩენაზე. „ინტერის“ შედეგი არ მიკვირს, რადგან ვიცნობ ანტონიო კონტეს და დარწმუნებული ვარ, ბრძოლაში ბოლომდე დარჩება. თუმცა, ბედი ჩვენს ხელშია, როდესაც უფრო ძლიერი ხარ, იცი, რომ შენზეა დამოკიდებული გამარჯვება და ჩვენ ეს ცნობიერება გვაქვს. თუმცა, ამის საფუძველზე საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ.

მომავალი - ვნახოთ როგორ ვიქნები მარტში-აპრილში, თუ არ მოხდება ვერტიკალური კოლაფსი მზად ვარ ყველა იდეის გასახსნელად. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიყო თანმიმდევრული, რასაც ვაკეთებ, იმის მიხედვითაა თუ როგორ ვგრძნობ თავს. შჩესნისთან, პინსოლიოსთან და ფილიპისთან ერთად შევქმენით ძალიან მყარი და ერთიანი მეკარეთა ჯგუფი, ამიტომ, დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. თუ არ იქნება კოლაფსი, რომელსაც ბევრი უკვე 10 წელია ელოდება, იქნებ კარიერა ისევ გავაგრძელო.

0.102337