როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია. შვეიცარიელმა მეოთხედფინალში რეიტინგის მეასე ნომერი, ამერიკელი ტენის სანდგრენი უმძიმეს შეხვედრაში, 6:3, 2:6, 2:6, 7:6, 6:3 დაამარცხა. მატჩი 3 საათსა და 31 წუთს გრძელდებოდა.
შეხვედრის კულმინაცია მეოთხე სეტი გამოდგა, როდესაც როჯერმა მეტოქის 7 მატჩპოინტი გაანულა! მერე კი, ტაიბრეიკზე თავად იმარჯვა და თამაშში დარჩა.
ფედერერმა მელბურნში მეორე სასწაული ჩაიდინა, მას შემდეგ რაც მილმანი დრამტულ ბრძოლაში და დაუჯერებელ სტილში დაამარცხა.
„ალბათ მე არ დამიმსახურებია გამარჯვება, საზარდულის პრობლემა მქონდა, ვცდილობდი ეს არ შემემჩნია, მაგრამ 100%-ით მზად არ ვიყავი. ძალიან გამიმართლა. მომდევნო შეხვედრა? დასაკარგი არაფერი მაქვს, თუ ვერ გავიმარჯვებ შვეიცარიაში სათხილამუროდ წავალ“, - თქვა ნამატჩევს ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა.
ფედერერისთვის ეს იქნება მე-15 ნახევარფინალი ავსტრალიის ღია პირველობაზე და 46-ე დიდი მუზარადის ტურნირებზე. როჯერი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და მილოშ რაონიჩის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.