ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა და ლიდერობა კი შეუნარჩუნა, მაგრამ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს. თემურ ქეცბაიას გუნდი მე-17 ტურში უშუალო კონკურენტ ნიქოზიის „ომონიას“ ესტუმრა და 0:1 წააგო.
ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა და ფამაგუსტელთა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა ავტოგოლი მიითვალა. ქეცბაიამ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავას სათამაშო დროის ბოლო ნახევარი საათი დაუთმო.
„ანორთოსისის“ ახალწვეული ჯანო ანანიძე განაცხადში არ ყოფილა, ისევე როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს და წინა მატჩიც გამოტოვა.
ამასობაში, საჩემპიონო ბრძოლაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. „ანორთოსისი“ სწორედ „ომონიას“ კინკილა ქულით უსწრებს, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.