ფეხბურთი

2:08 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკეს პირველი მარცხი

„ვალენსიას“ თავის „მესტალიაზე“ „ბარსელონასთვის“ 2007 წლის შემდეგ აღარ მოეგო და აი, დიდი ხნის შემდეგ, „ღამურებმა“ ოცნება აისრულეს, კატალონიელები 2:0 დაამარცხეს და რაც მთავარია, დამსახურებულად.

„ბარსელონამ“ მეორე მატჩი ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით და კარგს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით.

წინა მიმოხილვაშიც ვთქვით, რომ რაიმე დასკვნის გამოტანა, ცხადია ნაადრევია. ასეთ მოკლე ხანში რაიმეს შეცვლა წარმოუდგენელია. ეგ არის, „ახალი ცოცხის“ ამბავი მოგეხსენებათ და ჟინი და მონდომება მაინც უნდა ეტყობოდეს გუნდს.

პირველ ტაიმში სტუმრები მეკარე ტერ შტეგენის საოცარ თამაშს უნდა უმადლოდნენ ტაბლოზე რომ 0:0 დარჩა. მან რამდენიმე ურთულესი ბურთი და რაც მთავარია, მაქსი გომესის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მონდომება დაფასდა და ანგარიში გაიხსნა, თუმცა გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა. დაუოკებელი გომესის დარტყმული ბურთი ჟორდი ალბას მოხვდა და კარში შევარდა.

სტუმრებს არც ამის შემდეგ გამოსდიოდათ რამე.

და მესი?

მესი შესვენების შემდეგ მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ჯარიმებიც ურტყა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ამჯერად არგენტინელს მიზანმა უმტყუნა. მას აშკარად აკლია გვერდში დაშავებული ლუის სუარესი. თანაც ჩინებულად ირჯებოდა „ღამურების“ მეკარე ხაუმე დომენეკი.

77-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, მაქსი გომესმა, მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. მერე გაბრიელ პაულისტამაც შაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩაუთვალა.

რა შეიძლება ვთქვათ, „ბარსელონამ“ ისევ უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. სამი მცველით თამაშიც საეჭვო არჩევანი ჩანს. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა კატალონიელთა უკანა ხაზმა.

შედეგად, “ბარსელონას“ 43 ქულა დარჩა და ამდენივექულიანმა „რეალმა“ კვირას „ვალიადოლიდთან“ სტუმრად თუ არ წააგო, ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

ესპანეთი

პრიმერა. 21-ე ტური. 25 იანვარი

ვალენსია - ბარსელონა 2:0

ვალენსია. „მესტალია.“ 45 882

1:0 ალბა (48 საკ. კარში), 2:0 გომესი (77)

მე-12 წუთზე გომესმა ვერ გაიტანა პენალტი. (მეკარე)

ვალენსია: დომენეკი, ვასი, გარაი, პაულისტა, გაია, კონდოგბია, კოკლენი, ტორესი, სოლერი (სობრინო 89), გამეირო (როდრიგო 59), გომესი (კოსტა 79)

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 56), დე იონგი (რაკიტიჩი 85), მესი, ფატი (კოლიადო 85), გრიზმანი

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: კოკლენი (54); პიკე (10), უმტიტი (43), ბუსკეტსი (52)

სევილია - გრანადა 2:0

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 33 533

1:0 დე იონგი (11), 2:0 ნოლიტო (34)

სევილია: ვაცლიკი, კარლოსი, რეგილონი, გომესი, ნავასი, ფერნანდო, ტორესი, ვასკესი (გუდელი 46), ოკამპოსი (ენ ნესირი 86), ნოლიტო (კუნდე 71), დე იონგი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

გრანადა: სილვა, მარტინესი, დუარტე (ვალიეხო 86), დიასი, ნევა, ეტეკი (ფულკიე 46), გონალონი, ერერა, პუერტასი, მაჩისი (ვადილიო 78), სოლდადო

მწვრთნელი: დიეგო მარტინესი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ვასკესი (13), კარლოსი (14), ფერნანდო (25), გომესი (82); პუერტასი 31)

ესპანიოლი - ბილბაო 1:1

0:1 ვილიალიბრე (12), 1:1 დე ტომასი (63)

ალავესი - ვილიარეალი 1:2

0:1 ბაკა (10), 1:1 ხოსელუ (80), 1:2 ნინიო (89)

24 იანვარი

ოსასუნა - ლევანტე 2:0

1:0 გარსია (81 პენ), 2:0 პერესი (84)

0.11494