ფეხბურთი

18:52 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანიაკი

კრიშტიანუ რონალდუს ორიოდ თვის წინ ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მისი დრო წარსულში დარჩა. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ პორტუგალიელმა ძველებურად ათამაშება მოახერხა და მოედანს უკვე უგოლოდ მართლაც არ ტოვებს.

2020 წელს კრიშტიანუმ 4 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 7 გოლი გაიტანა, ერთხელ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთხელაც - დუბლი. საერთოდ, ბოლო 9 მატჩში 13-ჯერ გამოიჩინა თავი, რაც ცხადია არანორმალური შედეგია. ამასთან, საკლუბო დონეზე კარიერაში პირველად მოახერხა წლის საწყის ოთხ შეხვედრაში ზედიზედ გოლის გატანა.

დეკემბრიდან მოყოლებული ტოპ ჩემპიონატებში მასზე მეტი არავის გაუტანია. გუშინ, რონალდუმ იტალიის თასზე „რომა“ დაამწუხრა და ეს იყო მისი პირველი გოლი ხსენებულ გათამაშებაში.

34 წლის ფეხბურთელს საკლუბო დონეზე 17 სხვადასხვა ტურნირში უთამაშია და 15-ში გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ უეფას თასი და კომუნითი შილდია (ინგლისის სუპერთასი) ის ტურნირები, სადაც რონალდუმ გოლი ვერ გაიტანა. საგულისხმოა, რომ უეფას თასზე მხოლოდ ორი თამაში აქვს ჩატარებული და ისიც ჯეელობაში, ლისაბონის „სპორტინგის“ რიგებში. სანაკრებო შეჯიბრებებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, ასეთ შედეგს მივიღებთ - 22 ტურნირი კარიერაში და 20 მათგანში გოლი. ფანტასტიკური მაჩვენებელია.

2019-2020 წლების სეზონში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე კრიშტიანუმ 31 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი მიითვალა (19 კლუბში 11 ნაკრებში). ერთი საინტერესო შედარებაც - ბოლო ხუთ სეზონში რონალდუსთვის მიმდინარე სეზონი ყველაზე შედეგიანია.

2015-2016 წლების სეზონი, გოლების რაოდენობა იანვრისთვის - 27

2016-2017 – 27

2017-2018 – 22

2018-2019 – 16

2019-2020 – 30

ბოლოსკენ დავძენთ, რომ სულ რაღაც ორ კვირაში რონალდუს 35 წელი შეუსრულდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასაკი ვერაფერს აკლებს...

0.11708