ედინსონ კავანის „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს და როგორც მამამისმა, ლუის კავანიმ განაცხადა, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეთანხმდნენ კიდეც. ლუისი აღნიშნავს, რომ პსჟ-ში მის შვილს უსამართლოდ ექცევიან და გუნდიდან იმიტომ არ უშვებენ, რომ მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ეშინიათ.
„ჩვენ ბევრი შეთავაზება მივიღეთ აშშ-დან, ინგლისიდან და გერმანიიდან, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ რამდენიმე მიზეზის გამო შევთანხმდით. ჩვენ გვინდა კარიერა მადრიდში გააგრძელოს, მაგრამ თუ პსჟ-ში დარჩება, ეს მხოლოდ ივნისამდე იქნება.
ტუხელმა თქვა, რომ ის სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პსჟ-ს ეშინია, რომ კავანის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ თამაში. ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა ითამაშა, კლუბი უსამართლოდ ეპყრობა“, - თქვა ლუისმა.
შეგახსენებთ, კავანის პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება და თუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში გუნდს ვერ დატოვებს, ზაფხულში თავისუფალი აგენტით შესძლებს სხვაგან გადასვლას. ურუგვაელი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ მაურო იკარდიმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვა.