ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში ლივერპულის „ევერტონმა“ „ნიუკასლ იუნაიტედს“ უმასპინძლა და საოცრად დრამატული შეხვედრა გამოდგა.
კარლო ანჩელოტის გუნდი მშვიდად, იგებდა ორბურთიანი უპირატესობით და სასურველ ანგარიშს 94-ე წუთამდე ინარჩუნებდა. თუმცა, შედმეგ „გუდისონ პარკზე“ ნამდვილი სასწაული მოხდა, რომლის მთავარი გმირი „კაჭკაჭთა“ ფრანგი მცველი ფლორიან ლეჟენი გამოდგა.
28 წლის ფეხბურთელმა ჯერ მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, შემდეგ ერთ წუთში დუბლი გაიფორმა და „ევერტონს“ გამარჯვება ხელიდან გამოღლიტა. საინტერესოა, რომ ლეჟენს აქამდე „ნიუკასლის“ რიგებში, სადაც 2017 წლიდან თამაშობს, გოლი არ ჰქონდა გატანილი, მაგრამ ლივერპულში ორ წუთში დუბლი გაიფორმა. ფრანგის გოლებს შორის დროის სხვაობამ მხოლოდ 102 წამი შეადგინა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „ნიუკასლმა“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოახერხა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90-ე წუთის შემდეგ ერთ თამაშში) ორი გოლის გატანა.