კალათბურთი

23:34 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 40 წუთი მოედანზე და გადამწყვეტი ქულები - "ბასკონიამ" "რეალი" დაამარცხა!

ესპანეთის ლიგა ენდესაში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც მადრიდის „რეალს“ მისსავე მოედანზე აჯობა. ვიტორიელებს მძიმე სეზონი აქვთ და ეს მოგება არამარტო სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიურადაც დაეხმარებათ.

შეხვედრა კი, მეტად დრამატული გამოდგა. ბუნებრივია, ფავორიტად „სამეფო კლუბი“ განიხილებოდა, რომელმაც პირველ პერიოდში სტატუსი გაამართლა და 32:18 დაწინაურდა. თუმცა, მეორე მეოთხედში „ბასკონიამ“ უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა, მეტწილად დაცვაში და 14-ქულიანი ჩამორჩენა არათუ აღმოფხვრა, არამედ დიდ შესვენებაზე ერთი ქულით პლიუსში გავიდა - 21:6 მეორე პერიოდში. სტუმრებმა მესამე პერიოდიც მოიგეს ორი ქულით და დასკვნითი მეოთხედის წინ 3-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს, რომელიც შეინარჩუნეს და საბოლოოდ, 95:94 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ „ბასკონიას“ შეხვედრაში ბოლო ოთხი ქულა შენგელიამ მოუტანა. ჯერ საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე ჩააგდო და ანგარიში 93:91 გახადა, ხოლო 12 წამის შემდეგ მეორედ შეძლო შეტევის დაგვირგვინება და 95:91. მატჩის ბედიც სწორედ ხსენებულმა ქულებმა გადაწყვიტა.

საინტერესოა, რომ შენგელიას წუთიც არ დაუსვენია, 40 წუთი პარკეტზე გაატარა! სხვათა შორის 2014 წლის შემდეგ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ლიგა ენდესაში შეუცვლელად ითამაშა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი (50%), 6-დან 3 საჯარიმო (50%) და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო (20%). შეტევაში საკმაოდ ბევრმა გაცუდებულმა სტყორცნამ ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტზე გავლენა მნიშვნელოვნად იქონია, რომელიც მხოლოდ 11-ს გაუტოლდა.

მეტ ჯენინგმა 27 წუთში ვიტორიელებს 9 ქულა და 3 მოხსნა შესძინა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 აღმოჩნდა. ვიტორიელების რიგებში საუკეთესო ჰენრი პიერია იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა და მატჩის MVP გახდა.

„ბასკონიამ“ ლიგა ენდესაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა და 18 ტურის თავზე 9 გამარჯვების წილ ამდენივე მარცხი დაუგროვდა. ვიტორიელები მეათე პოზიციას იკავებენ და მომდევნო შეხვედრაში 26 იანვარს, საკუთარ მოედანზე „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდებიან.

0.122442