მიუნხენის „ბაიერნმა“ 2020 წელი შესანიშნავად დაიწყო. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი ბერლინში „ჰერტას“ ესტუმრა, რომელიც პირველ წრეში საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა.
თუმცა, ახლა „ბაიერნი“ სახეცვლილი გუნდია და გერმანიის დედაქალაქში ეს დადასტურა. „მიუნხენურ გიგანტს“ თავიდან გაუჭირდა მეტოქის კარისთვის გასაღების მორგება, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში დაკარგული სრულად აინაზღაურა.
ტომას მიულერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ტიაგო ალკანტარამ და ივან პერიშიჩმა მეტოქე დაარბიეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეკორდმაისტერი“ დაბრუნდა და მეორე წრეში ჩვეული შემართებით გაიწევს „ვერცხლის სინისკენ“. ამისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რადგან „გლადბახი“ უკან მოიტოვა, „ლაიფციგამდე“ კი ჯერჯერობით ისევ 4 ქულაა.
ტური „პადერბორნისა“ და „ლევერკუზენის“ დაპირისპირებით დასრულდა. ბუნდესლიგის გამოკვეთილმა აუტსაიდერმა „ფარმაცევტებს“ ოგორც მოსალოდნელი იყო, წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვეტილი გახლდათ - 3:0. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. „ლევერკუზენი“ კი, ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ მიიწევს და მეოთხე ადგილთან ჩამორჩენა ამ დროისთვის მხოლოდ ორი ქულაა.
„ჰერტა“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:0)
გოლები: 0:1 მიულერი (60), 0:2 ლევანდოვსკი (73, პენ), 0:3 ტიაგო ალკანტარა (76), 0:4 პერიშიჩი (84)
„პადერბორნი“ – „ლევერკუზენი“ 1:4 (0:3)
გოლები: 0:1 ვოლანდი (11), 0:2 ვოლანდი (14), 0:3 ბაუმგარტლინგერი (36), 1:2 სრბენი (51), 1:4 ჰავერცი (75)