ფეხბურთი

2:06 | 19.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი ზევით, გატუზო - ქვევით

იტალიის სერია A-ში ტური ტურს მისდევს, რომის „ლაციო“ და „ნაპოლი“ კი სტაბილურობას ინარჩუნებენ. ერთი იგებს, მეორე - აგებს.

სიმონე ინძაგის „ლაციომ“ წინა ტურში ზედიზედ მეათედ იმარჯვა და ისტორიაში ასეთ სერიას პირველად უწია. ახლა კი, თავისივე დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას მიჰყო ხელი. ამას თავი რომ დავანებოთ, „არწივებს“ ხოლო 20 წლის თავზე სკუდეტოს მოგების ჩინებული შანსი აქვთ და მადაც ჭამაში მოდის, რატომაც არა?!

„ბიანკოჩელესტე“, რომ უბრალოდ შეუდარებელ ფორმაშია, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩმაც ცხადყო. კლაუდიო რანიერის გუნდი წელს ვარსკვლავებს ნამდვილად არ ეთამაშება, მაგრამ „ლაციომ“ მიწასთან გაასწორა. ფელიპე კაისედომ ანგარიში გახსნა, შემდეგ ჩირო იმმობილემ დუბლი შეასრულა და მეოცე წუთზე - 3:0. რომაელები ამაზე არ გაჩერებულად და კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები, მათ შორის მონაგარი ჩირომაც გაზარდა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

იმმობილეს 19 თამაშში 23 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში დამაჯერებლად ლიდერობს. იტალიელი „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაშიც ყველაზე წინ გაიჭრა. ამასთან, გონსალო იგუაინის რეკორდსაც უმიზნებს, რომელმაც 2015-2016 წლების სეზონში 36 გოლი გაიტანა სერია A-ში და იმმობილეს შეუძლია ამ შედეგის გაუმჯობესება. საინტერესოა, რომ ხსენებული 23 გოლიდან 9 პენალტით გაიტანა. ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში იტალიაში უფრო მეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელმაც 2011-2012 წლებში 10-ჯერ დაამწუხრა პენალტის მეშვეობით მეტოქეები. „ლაციოს“ 45 ქულა აქვს და კვლავ მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა.

როგორც „ლაციო“ ინარჩუნებს სტაბილურობას და 11 ტურია მიყოლებით იგებს, ისე სტაბილურად დაღმა მიექანება „ნაპოლი“. „აძურიმ“ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით 15 ტურში 4 თამაში წააგო და კარისკენ მიუთითეს, მისმა მემკვიდრემ ჯენარო გატუზომ კი იგივე შედეგს 5 ტურში უწია. დიახ, რინოს თაოსნობით „ნაპოლიმ“ 5 შეხვედრაში ერთი მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა.

მორიგი იმედგაცრუება „სან პაოლოზე“ „ფიორენტინასთან“ დადგა. ფედერიკო კიეზასა და დუშან ვლაჰოვიჩის თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით „იებმა“ 2:0 იმარჯვეს. „ნაპოლის“ კი ისევ 24 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზეა. სხვათა შორის, „ნაპოლიში“ გატუზომდე ბოლო მწვრთნელი, რომელმაც საწყის 5 შეხვედრაში ოთხჯერ წააგო, ზდენეკ ზემანი იყო. მოკლედ, აურელიო დე ლაურენტისს საფიქრალი არ აკლია და ალბათ რინოსაც არ უწერია დიდი დღე...

დღეს კიდევ ერთი მატჩი იყო, რომელშიც „ტორინო“ „სასუოლოს“ უგებდა, უამრავი ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ გააცუდა და მერე წააგო. ფანტასტიკური გოლი გაიტანა ჟერემი ბოგამ, გამარჯვების ბურთი კი დომენიკო ბერარდის აქტივშია.

სერია A-ს მთავარი ლიდერები კი, კვირას ითამაშებენ, „ინტერი“ „ლეჩეს“ ესტუმრება, „იუვენტუსი“ „პარმას“ უმასპინძლებს.

„ლაციო“ – „სამპდორია“ 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 კაისედო (7), 2:0 იმმობილე (17, პენ), 3:0 იმმობილე (20), 4:0 ქუისანგა (54), 5:0 იმმობილე (65, პენ), 5:1 ლინეტი (70)

„სასუოლო“ – „ტორინო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლოკატელი (20, ა.გ), 1:1 ბოგა (61), 2:1 ბერარდი (73)

„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კიეზა (26), 0:2 ვლაჰოვიჩი (74)

თეგებისერია A
0.115068