ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი გამორჩეული თამაში ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ჩვენებურის „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლა და გამარჯვება ადვილად, 76:59 მოახერხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა უბრალოდ ფანტასტიკურად ითამაშა, განსაკუთრებით ფარქვეშ იყო დომინანტი, რაზეც 14(!) მოხსნა ნათლად მეტყველებს. 25:24 წუთში გიორგიმ 14 მოხსნას 21 ქულა და 2 პასიც დაუმატა. ჩვენებურმა 11-დან 6 ორქულიანი (55%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.
შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტით (31), ჩაგდებული ქულების რაოდენობით (21) და მოხსნებით (14) საუკეთესო იყო ორივე გუნდში. ამასთან, ერთადერთი მოთამაშე გამოდგა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და MVP-ის ტიტული სრულიად დამსახურებულად მიიღო.
„იბეროსტარ ტენერიფე“ 12 მოგებითა და 6 წაგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 25 იანვარს, „ბურგოსს“ ესტუმრება.
დღესვე, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ „სარაგოსასთან“ გასვლით მატჩში ვერაფერს გახდა და 62:81 დამარცხდა. მეტად ინერტული თამაში ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, რომელმაც 14:51 წუთში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ხოლო ქულა საერთოდ ვერ ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მინუსებში გადავიდა, -2.
„გრან კანარია“ 8 მოგებით და 10 წაგებით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 იანვარს, „ბილბაოს“ საკუთარ დარბაზში დაუხვდება.