ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალისტები ცნობილნი არიან. სატიტულო მატჩში ერთმანეთს რუსთავი და კაკტუსი დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში, 20 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.
ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართული მატჩები დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. ორივე შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და მცირედი დააკლდა, ერთნაირი ანგარიშები დაფიქსირებულიყო. რუსთავმა ქუთაისი 78:76 (სტსტისტიკა) დაამარცხა, ხოლო კაკტუსმა ოლიმპს 78:76 (სტატისტიკა) მოუგო. ორივე შეხვედრაში თამაშის ბედი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. პირველ შემთხვევაში ეს გახლდათ ილია ლონდარიძის წარმატებული შეტევა, როცა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა ზუსტი გარღვევით თამაშის დასრულებამდე 6 წამით ადრე 4 ქულით დააწინაურა რუსთავი. კაკტუსი-ოლიმპის მატში კი ეს გახლდათ რევაზ როგავას წარუმატებელი სამქულიანი ბოლო წამზე, რომელიც რომ ჩავარდნილიყო, ოლიმპი 1 ქულით გაიმარჯვებდა.
ლონდარიძე გადამწყვეტი ბურთის ჩაგდებამდეც უაღრესად სარგებლიანი გახლდათ. მის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. საუკეთესო კო ნიკოლა ტადიჩი გახლდათ 21 ქულითა და 10 მოხსნით. რუსთაველებს, რომლებმაც ახალი მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბოისას თავკაცობით უკვე ზედიზედ 6 მატჩი მოიგეს, დღევანდელ შეხვედრაში დიდად წაადგათ 17 წლის ზურა ვაშაკიძის 4 სამქულიანი. გუნდს, რომელსაც ეროვნული ნაკრების 3 კანდიდატი – მერაბ ბოქოლიშვილი, ოთარ ფხაკაძე და გეგი ბაქრაძე ტრავმების გამო აკლდა, მშვენივრად გამოიყენა ახალგაზრდა სამარქაფოს ნიჭიერება, რაც უპირველესად მწვრთნელთა შტაბის დამსახურება, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ბიჭს. რუსთაველებმა გუნდური თამაშისა და თავდადების ხარჯზე იმარჯვეს ძალზედ მობილიზებული და მართებული ტაქტიკით მოთამაშე ქუთაისელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კაკტუსი გამარჯვებას რაც შეეხება, აქ უფრო მეტი დოზით იყო ინდივიდუალურობა. ეს უპირველესად არჩილ ჟღენტის გუნდის ამერიკელ ახალწვეულ მაიკ დევისზე ითქმის, რომელიც მემორიალის წინა მატჩების დარად ამჯერადაც საუკეთესო იყო. ყველაზე ნათლად გამარჯვებაში დევისის მნიშვნელობაზე მისი სტატისტიკა მეტყველებს: 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი.
კაკტუსელები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ. მესამე პერიოდში 10 ქულითაც გალიდერდნენ და ბოლო წუთებამდე ხელჩასაჭიდი ლიდერობა ჰქონდათ. დასკვნით წუთზეე რევაზ როგავასა და ნიკა დარბაიძის შედეგიანობით ოლიმპელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ლევან გოგალაძის წარუმატებელი შეტევის შემდეგ თამაშის გადასარჩენად 10 წამი დარჩათ. გადამწყვეტი სროლა როგავამ შეასრულა, თუმცა აქამდე არაერთი ამგვარი ბურთის ჩამგდემა უკანახაზელმა ამჯერად ააცილა…
ფინალური მატჩისთვის გუნდები ქუთაისში ხვალ წავლენ და სასტუმროში დაბინავდებიან. მეორე დღეს, 20 იანვარს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის სათასო მატჩში კაკტუსი რუსთავს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
gbf.ge