იტალიური „ჯენოას“ ჩრდილო მაკედონიელი თავდამსხმელი გორან პანდევი საფეხბურთო კარიერას ასრულებს. როგორც 36 წლის შემტევმა განაცხადა, მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლოა, მაგრამ მანამდე ორი მიზანი აქვს დასახული.
„ჯენოასთან“ ერთად სერია A-ში ადგილის შენარჩუნება და რაც ჩვენთვის საინტერესოა, ჩრდილო მაკედონიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.
„სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ, მაგრამ მანამდე მინდა „ჯენოას“ სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო და ჩემს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვო. „ჯენოას“ გადარჩენა კარიერის დასრულებამდე ჩემი ოცნებაა. ყველამ ვიცით, რომ სირთულეები გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია უკეთესად თამაში და შესაბამისად, იმედიც გვაქვს“, - თქვა პანდევმა Sky Sport-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო მაკედონია ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვოს უმასპინძლებს გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალში გავა, სადაც საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
36 წლის ფეხბურთელს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში „ინტერის“, „სპეციას“, „ანკონას“, „ლაციოს“, „ნაპოლისა“ და „გალათასარაის“ ღირსება დაუცავს, ხოლო „ჯენოაში“ 2015 წლიდან თამაშობს. ეროვნული ნაკრების მაისურით კი, გორანმა დღემდე 108 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.