ფეხბურთი

1:54 | 17.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის დებიუტი: ორი რეალური საგოლე შანსი და იმედიანად განწყობილი მწვრთნელი (+VIDEO)

სანტანდერის „რასინგში“ გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი შედგა. კანტაბრიელები უშუალო კონკურენტ „დეპორტივოს“ ლა კორუნიაში ესტუმრნენ და მარცხი განიცადეს - 1:2.

არადა, „რასინგისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-15 წუთზე დაწინაურდა კიდეც, მაგრამ უპირატესობა მალევე გაფლანგა, 54-ე წუთზე ემრე ჩოლაკის გოლით უკვე „დეპორი“ იგებდა. სხვათა შორის, თურქმა გოლის ემოციურად აღნიშვნისთვის მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა.

სანტანდერელებმა კი, რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ. გიორგი 61-ე წუთზე ხონ ანდერ პერესის ნაცვლად ჩაერთო თამაშში და ორი საგოლე შანსიც ჰქონდა. ჯერ 89-ე წუთზე შორეული დარტყმა მეკარემ გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავისი გუნდის გადარჩენა კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ მისი თავური კარს აცდა.

ნამატჩევს ჩვენებურის შესახებ კანტაბრიელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტობალ პარალომ მცირე კომენტარიც გააკეთა: „პაპუნაშვილი ახლახან შემოგვიერთდა და შეეცადა ჩვენს დახმარებას. იმედი გვაქვს, რომ გუნდი სარგებელს ნახავს მისი მოსვლით“, - აღნიშნა პარალომ.

შედეგად, „რასინგს“ 19 ქულა დარჩა და ბოლო ადგილზე დაქვეითდა, სწორედ „დეპორტივომ“ გადაასწრო 2 ქულით. შეგახსენებთ, პაპუნაშვილი სანტანდერელებს ოთხი დღის წინ „სარაგოსადან“ 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.

0.11304