ვეტერანი ესპანელი მეკარე პეპე რეინა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. ბირმინგემელთა ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
რეინა „მილანის“ საკუთრებაა, რომელსაც 2018 წელს შეუერთდა და „როსონერის“ რიგებში 13 თამაში ჩაატარა.
ესპანელს პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია, რადგან 2005-2013 წლებში „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა. 37 წლის რეინა „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, ესპანეთში ბოლოს 2004-2005 წლების სეზონში ითამაშა, როცა „ვილიარეალის“ მეკარე იყო.
მას შემდგომ პეპემ „ლივერპულში“, „ნაპოლიში“, „ბაიერნსა“ და „მილანში“ ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ რეინას იტალიურ გუნდში ასმირ ბეგოვიჩი შეცვლის, რომელიც უკვე იტალიაში იმყოფება.