ახლო წარსულში ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჰაკან შუკური თავს აშშ-ში ტაქსისტობით და წიგნების გაყიდვით ირჩენს. ამის შესახებ შუკურმა თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ყველაფერი წაართვა.
„მე არაფერი დამრჩა, მან ყველაფერი წამართვა, რაც ჩემი იყო. ფულს ტაქსისტობით და წიგნების გაყიდვით გამოვიმუშავებ. ჩემი თავისუფლება, საკუთარი თავის გამოხატვა, უფლება - მუშაობაა.
ჩემი ყოველი განცხადების შემდეგ მუქარას ვიღებდი, ჩემს მეუღლეს, შვილებს ქუჩაში ავიწროვებდნენ, როდესაც წამოვედი, მამაჩემზე გადავიდნენ. ეს ძალიან რთული დრო იყო ჩემი ოჯახისთვის. ყველას, ვისაც ჩემთან კავშირი ჰქონდა, ფინანსური პრობლემები შეექმნა.
ამ დრომდე ვერავინ შეძლო აეხსნა, რა დავაშავე, შეუძლიათ მითხრან რა დანაშაული ჩავიდინე? არა. მათ მხოლოდ იმის თქმა იციან, რომ „ტერორისტი“ და „მოღალატე“ ვარ. მე მთავრობის მტერი ვარ და არა თურქული სახელწიფოს ან ერის. მე მიყვარს ჩემი დროშა და ქვეყანა“, - განაცხადა შუკურმა.
შეგახსენებთ, ჰაკან შუკური „გალათასარაიში“, „ტორინოში“, „ინტერში“, „პარმაში“, „ბურსასფორსა“ და „საკარიასფორში“ თამაშობდა. თურქეთის ნაკრების მაისურით კი 1992-2007 წლებში 112 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა.