მადრიდის „რეალმა“ 2020 წელი იდეალურად დაიწყო და ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა. „სამეფო კლუბმა“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში აჯობა და მდიდარ მუზეუმს კიდევ ერთი ტიტული შემატა.
ეს თამაში ზინედინ ზიდანისთვისაც საინტერესო მიღწევით გამოირჩა: ცხრა ფინალი და ცხრა გამარჯვება. ფრანგმა „რეალს“ აქამდე ცხრაჯერ უხელმძღვანელა ფინალში და ყველა შეხვედრა მადრიდული გრანდისთვის თასის მოგებით დასრულდა.
„რეალმა“ ზიდანის მწვრთნელობისას სამჯერ ჩემპიონთა ლიგის, ორ-ორჯერ კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, ევროპის სუპერთასისა და ესპანეთის სუპერთასის ფინალები მოიგო.
ასე, რომ „ზიზუ“ „რეალის“ თავკაცის რანგში ამ დროისთვის უდანაკარგოდ, 100%-იანი შედეგით მუშაობს.