ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. თურქმა ფეხბურთელმა „რომასთან“ შეხვედრაში მარცხენა მუხლი დაიზიანა და სამედიცინო გამოკვლევამ ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დააფიქსირა.
დემირალი არათუ მიმდინარე სეზონში ვერ გავა მოედანზე, არამედ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატსაც გამოტოვებს, რომელშიც თურქეთის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ მაისურით სადებიუტო გოლი სწორედ „რომასთან“ გაიტანა, მაგრამ ეს თამაში მისთვის მაინც საბედისწერო გამოდგა.
მერიჰმა ტურინელთა რიგებში 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო მისი პროგრესი ბოლო პერიოდში, თუმცა, სწორედ კარგ ფორმაში მყოფმა უმძიმესი დაზიანება მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ ტურინელებს დემირალის გარდა ჯორჯო კიელინიც მძიმედ ჰყავთ დაშავებული და ვეტერანი იტალიელი სავარაუდოდ მარტამდე ვერ ითამაშებს. „რომა“ – „იუვენტუსის“ შეხვედრაში კი, ზუსტად იგივე დაზიანება ნიკოლო ძანიოლომაც მიიღო.