საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ Voetbalprimeur-თან თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ჩვენებურის განცხადებით, სისწრაფე მოაკლდა, მაგრამ ტკივილები აღარ არ აქვს, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ სეზონის მეორე ნაწილში ეტაპობრივად საუკეთესო ფორმაში შესვლას მოახერხებს.
„მუხლი აღარ მტკივა. ვამჩნევ, რომ ძველებურად სწრაფი აღარ ვარ, მაგრამ ტკივილები არ მაწუხებს და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მსგავსი რამ არასდროს მომსვლია, ასეთი სერიოზული დაზიანება არ მქონია, თავიდან არ ვიცოდი რა მექნა.
ფიზიკურად რთული იყო, მაგრამ მენტალურადაც. „გენტის“ მატჩებს ვუყურებდი და ძნელი იყო, რომ ვერ ვეხმარებოდი. თუმცა, საბედნიეროდ თავი მარტო არასდროს მიგვრძნია. იეს თორუპიც ხშირად ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით, ხშირად გვქონდა კონტაქტი. მთელმა „გენტმა“ დამიჭირა მხარი და ტრავმის დროს ხელშეკრულების გაგრძელებაც სასიხარულო იყო.
სათამაშო რიტმი მენატრება, ზამთრის შესვენების შემდეგ თავიდანვე მაქსიმუმს არ ველოდები, მაგრამ რამდენიმე თამაშის შემდეგ ფორმა უნდა აღვიდგინო“, - თქვა ჩაკვეტაძემ.
აქვე გეტყვით, რომ „გენტმა“ გუშინ გერმანულ „ინგოლშტადთან“ სპარინგი ჩაატარა (3:2) და და გიორგიმ მეორე ტაიმი ითამაშა. ამავე მატჩში გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას. „გენტი“ 18 იანვარს, „მუსკრონს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე მოედანზე ზუსტად ერთი თვის წინ, 7 დეკემბერს დაბრუნდა და მთლიანობაში მიმდინარე სეზონში სამი თამაში აქვს ჩატარებული.