ფეხბურთი

19:45 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის შეცვლა სჭირდებათ
საჭირო ტრანსფერები

2020 წელი ახლახან დაიწყო და ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედით შეჰყურებს. სამ თვეზე ნაკლები დრო დარჩა საქართველოს ნაკრების აქამდე არსებულ ისტორიაში მთავარ მატჩებამდე.

ნამდვილად არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ასეთი იდეალური, შეიძლება ითქვას, მარტივი შანსიც არ ჰქონია. მოკლედ, ჯერ ბელარუსთან თამაშს და მერე ვიმედოვნებთ ფინალს, სულმოუთქმელად ველოდებით.

ცხადია, მარტისთვის საქართველოს ნაკრებს ბევრი რამ სჭირდება და ერთ-ერთი ფეხბურთელების ფორმაში ყოფნა და სათამაშო პრაქტიკაა. მაგალითისთვის, ამ დროისთვის შექმნილი ვითარებით არის „ჯვაროსნების“ რამდენიმე საკვანძო ფიგურა, რომლებიც არათუ შორს არიან სასურველი სათამაშო ფორმისგან, არამედ სათამაშო დროის მონატრებასაც კი განიცდიან და ამის გარეშე იდეალურ კონდიციაში შესვლა წარმოუდგენელია.

ჩვენც სწორედ რამდენიმე ასეთი ფეხბურთელის შესახებ გიამბობთ, რომელთაცნ მიმდინარე თვის სატრანსფერო პერიოდში გუნდების გამოცვლა სჭირდებათ. აქვე განვმარტავთ, რომ წერილში არ შევეხებით იმ ფეხბურთელებს, რომელთა ტრანსფერები მოსალოდნელია, ოღონდ წარმატებული თამაშის ფონზე. ასეთებიც არიან, მაგალითად, საბა ლობჟანიძე, გიორგი მაკარიძე, გიორგი ხარაიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი...

წერილში ვსაუბრობთ მოთამაშეებზე, რომელთაც წარუმატებელი სეზონი აქვთ და გუნდის გამოცვლის აუცილებლობის წინაშე სწორედ ამ გარემოების გამო დგანან. ბუნებრივია, უპირველესად საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები...

ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი)

ჯანო ანანიძეს „სპარტაკში“ საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა თავის გამოსაჩენად, მაგრამ რიგი გარემოებების გამო ბოლომდე თავის შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა. ახლა კი, ნამდვილად არის ის დრო, რომ რუსეთის დედაქალაქი დატოვოს. ქართველ ფეხბურთელს უკვე კარგა ხანია აქტიურად თურქულ „დენიზლისფორს“ უკავშირებენ, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ანანიძე საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, განსაკუთრებით ვლადიმირ ვაისის თავკაცობით, რადგან სლოვაკი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და ვაისს არც არასდროს დაუმალავს ანანიძისადმი საკუთარი კარგი დამოკიდებულება. ამდენად, სათამაშო პრაქტიკის მქონე და ფორმაში მყოფი ჯანო მარტის მატჩებისთვის შესაძლოა გარდამტეხიც იყოს. „სპარტაკში“ მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა (1 საგოლე პასი), აქედან ხუთჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და ხუთჯერვე შეცვალეს. ცხადია, ეს ძალიან ცოტააა.

გიორგი ქვილითაია („გენტი“, ბელგია)

საქართველოს ნაკრები განებივრებული არაა მრავალფეროვანი არჩევანით ფორვარდის პოზიციაზე. გიორგი ქვილითაია უპირველესი ფიგურაა, ვისაც ვაისი ნაკრების ძირითად თავდამსხმელად განიხილავს. ამასობაში კი, ჩვენებურს მეტად წარუმატებელი სეზონი აქვს და „გენტში“ სათამაშო დროს დანატრებულია. თანაც, საქმე ისე მიდის, რომ ბელგიურ გუნდში დარჩენით არაფერი შეიცვლება, რადგან იეს თორუპს აშკარად სხვა გეგმები აქვს. გიორგიმ მიმდინარე სეზონში 24 თამაში კი ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და უმეტესას ცვლილელებზე, მატჩის მიწურულს ეძლევა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, რაც არასაკმარისია. ქვილითაიამ ორი გოლი გაიტანა ხსენებულ მატჩებში და ორივე ბელგიის თასზე. არის საუბარი არნემის „ვიტესში“ ტრანსფერზე და თავად ფეხბურთელმაც აღნიშნა, რომ იანვარში გუნდის შეცვლა სურს, ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. ფაქტია, ვენის „რაპიდიდან“ „გენტში“ გადასვლამ 26 წლის ფორვარდის კარიერა შეაფერხა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იმთავითვე ადვილად პროგნოზირებადი იყო, რადგან ავსტრიის ჩემპიონატს ბელგიის პირველობა ერთი-ორად ნამდვილად არ აღემატება, ისევე როგორც „გენტი“ „რაპიდს“, მითუფრო იმ კუთხით, რომ ვენურ გუნდში ქვილითაია შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

გიორგი აბურჯანია („ტვენტე“, ჰოლანდია)

გიორგი აბურჯანია საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურა არაა და არაც არასდროს ყოფილა, მაგრამ მისი ნიჭის ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. კარგად გვახსოვს ტარაგონას „ხიმნასტიკში“ მის მიერ ნაჩვენები თამაში და ეს ამის ნამდვილი დადასტურებაა. შემდგომ გიორგი ალბათ ცოტა აჩქარდა, როდესაც ტარაგონელები დატოვა და „სევილიის“ მეორე გუნდში თამაშს დათანხმდა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი რეგრესი. ზაფხულში აბურჯანია ენსხედეს „ტვენტეში“, ნაცნობ სპორტულ დირექტორთან აღმოჩნდა. თითქოს ერედივიზიონი მისი სათამაშო სტილისთვის იდეალური იყო და არც ახლად დაბრუნებულ „ტვენტეს“ სასტარტოში უნდა გასჭირვებოდა დამკვიდრება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფუჭი იმედი გამოდგა. სეზონის პირველ ნაწილში აბურჯანიამ ერედივიზიონში 11 თამაში ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ მოხვდა... ქართველმა ჰოლანდიაში ერთი გოლის გატანაც მოასწრო. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ უპრიანი იქნება გუნდის გამოცვლა და ისეთ ადგილას წასვლა, სადაც აბურჯანია იმ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც შეუძლია და რომელსაც „ხიმნასტიკში“ თამაშობდა.

სოლომონ კვირკველია („ლოკომოტივი“, რუსეთი)

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ორ წელიწადში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო თუ არა, მოწინავე სამეულ მცველში იმყოფებოდა. შემდეგ ტრავმა მიიღო და ყველაფერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - თავდაყირა დადგა. კვირკველიამ „რკინიგზელთა“ ძირითადში ადგილი დაკარგა, თითქოს იქ არასდროს უთამაშია. თითქოს მწვრთნელი შეიცვალა, არადა იური სიომინი 2.5 წელი მას გამუდმებით თვალდახუჭული ენდობოდა. ახლა ასე არაა, კვირკველიამ ოდენ სამი თამაში ჩაატარა და აქედან ორჯერ იყო ძირითადში. სამივე თამაში რუსეთის პრემიერლიგაზე, რუსეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე თანაბრად გადანაწილდა. ცხადია, ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ კარგად ვიცით სოლომონის შესაძლებლობები და ის, თუ რამდენად დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის. უკანასკნელი 6-7 თვე რომ ამოვშალოთ, კვირკველია ქართველ ფეხბურთელებში ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილი იყო. ახლა კი, ვლადიმირ ვაისიც აღარ ათამაშებს და თამაშს ვინ ჩივის, რამდენჯერმე საერთოდაც არ გამოიძახა. მოკლედ, მისთვის სათამაშო პრაქტიკა ახლა აუცილებელია, სეზონის განვლილი ნაწილიდან გამომდინარე კი, ამის მიღება „ლოკომოტივში“ ძალიან უნდა გაჭირდეს.

დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა)

დავით ხოჭოლავს შემთხვევაში მწვრთნელის შეცვლამ აშკარად ნეგატიური გავლენა იქონია. იქამდე, სანამ „შახტარს“ პაულუ ფონსეკა ავარჯიშებდა, ჩვენებური სათამაშო დროის დეფიციტს ორი სეზონის განმავლობაში ნამდვილად არ განიცდიდა. ახლა კი, ლუიშ კაშტრუ მას საერთოდ არ განიხილავს ძირითადი შემადგენლობის წევრად და მიმდინარე სეზონში მხოლოდ რვაჯერ მისცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, აქედან 6-ჯერ ძირითადში იყო. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელაც არ ათამაშა. მოკლედ რომ ვთქვათ, კაშტრუ ქართველს უკრაინის ჩემპიონატის ნაკლებად მნიშვნელოვანი მატჩებისთვის განიხილავს, სადაც ფეხბურთელებს დაასვენებს და როტაციას მიმართავს. რა თქმა უნდა, სიტუაცია ისეთი მძიმე არაა, როგორც დავუშვათ კვირკველიას შემთხვევაში, მაგრამ უკეთესის სურვილს თვალნათლივ ტოვებს. არადა, ფორმაში მყოფი ხოჭოლავაც დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის. სხვა თუ არაფერი, ლოგიკურად, გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას მთავარი ალტერნატივა დაცვის ცენტრში სწორედ ისაა. აქედან გამომდინარე ურიგო არც ამ შემთხვევაში იქნებოდა ნავსაყუდელის გამოცვლა.

გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა“, ესპანეთი)

ქართველი შემტევის მიმართ ბოლო ხანს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა და „სარაგოსას“ დატოვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ეს ურიგო სულაც არაა, რადგან ჩვენებური არაგონიაში სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის. 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ მოხვდა სასტარტოში, აქედან ორჯერ შეცვალეს. გოლი ერთხელ გაიტანა, ისიც ესპანეთის თასზე. პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრიც არაა, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა გახდეს. ამისთვის კი, პირველ რიგში ბუნებრივია, კლუბში სათანადო მომზადება სჭირდება, რაც სათამაშო პრაქტიკასთან და ნდობასთან პირდაპირ კავშირშია.

ჩვენის მხრივ, უნდა დაველოდოთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოვლენების განვითარებას და ვისურვოთ, რომ მარტისთვის, როგორც საქართველოს ნაკრები გუნდურად, ისე ცალკეული ფეხბურთელები, რომლებზეც ვლადიმირ ვაისი არჩევანს შეაჩერებს, საუკეთესო ფორმაში იყვნენ. ევროპის ჩემპიონატამდე ხელის გაწვდენაღაა დარჩენილი და ეს უმნიშვნელოვანესია.

0.118078