ფეხბურთი

16:25 | 8.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხეჩიკაშვილი: "ცალსახად, ჩვენი ამოცანა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა"

თბილისის „საბურთალოს“ მფლობელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე წარადგინა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს ვრცლად უპასუხა. ხეჩიკაშვილის განცხადებით, განვილი შეცდომების გაანალიზება მნიშნელოვანია და ამის ხარჯზე უნდა მიაღწიონ წარმატებას.

„საბურთალოს“ თავისი სტრატეგია აქვს, რომლის მთავარი მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. გარდა ამისა, აკადემიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში ამ კუთხით ბევრი რამის გაკეთება იგეგმება.

„პირველ რიგში ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. წარმატების და დიდი გამარჯვების წელი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი წელია, თუმცა, ხშირად დიდი მოლოდინი ცუდ სამსახურსაც გვიწევს. დიდი სურვილი გვაქვს წარმატების და ამ წარმატებას ჩვენი გულშემატკივარი ნამდვილად იმსახურებს და ჩვენი ნაკრების გამარჯვებით ბედნიერები ვიქნებით. ასევე მნიშვნელოვანი წელია საკლუბო დონეზეც. უნდა გავაანალიზოთ წარსული შეცდომები და ევროასპარეზზე ამის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ წარმატებას. ეს რა თქმა უნდა, ერთი-ორად გააძლიერებს ჩვენს ფეხბურთს და სხვა ბიძგს მისცემს ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მინდა წარვადგინო ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზეც. ჩვენ ვნახეთ მისი მუშაობა 21-წლამდე ნაკრებში და მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩვენი მეგობარი. მიხარია, რომ სამწვრთნელო კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო და ოჯახში დაბრუნდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მინიმუმ 3 წლიანი ურთიერთობა გვექნება და დარწმუნებული ვარ ეს „საბურთალოს“ განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს და ყველა კმაყოფილი დარჩება.

ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა მწვრთნელს, რომელიც აქამდე ჩვენთან მუშაობდა მადლობას გადავუხდი. გიორგი ჭიაბრიშვილს ჩვენთან ყველაზე დიდხანს მოუწია მუშაობა და განსაკუთრებული მადლობა მას, მაგრამ შრომას არ ვუკარგავთ სხვა მწვრთნელებსაც, რომლებიც მანამდე გვყავდა. იგივე გიორგი დევდარიანი, გიორგი მიქაძე, გია გეგუჩაძე, ყველა მათგან დიდი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის ჩვენგან. საერთოდ ყველა კლუბში ჩვეულებრივი მოვლენაა ახალ ეტაპზე გადასვლა და მთავარია, რომ ამ წარმატებას ქმნის ძალიან დიდი ოჯახი.

ანალიზი სწორედ უნდა გაკეთდეს, თუ რა დავაკელით წინა წელს. სტატისტიკურად ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, რადგან ეზოს გუნდი ჩემპიონი გახდა, თასი მოიგო. მაგრამ ფეხბურთი არის გულშემატკივრების და ჩვენ გულშემატკივრები გაწბილებულები დავტოვეთ. თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი კრიტიკა, უფრო სწორად გინება მივიღეთ, ფაქტობრივად ბულინგის მსხვერპლი გავხდით. ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის ქართულ ფეხბურთში დამატებით ინვესტიციაზე უარი გვეთქვა. ყველა ნამდვილი გულშემატკივრის წინაშე ვალში ვართ და ამიტომ ვატარებთ ამ რეფორმებს. ჩვენ დავიწყეთ სხვა მიდგომა და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ დროთა განმავლობაში ჯგუფში მოხვედრა შეგვიძლია რომელიმე ევროტურნირზე და ეს არის მთავარი ამოცანა და მწვრთნელების მუშაობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი რა თქმა უნდა, შიდა ჩემპიონატში ნაჩვენებ შედეგებთან ერთად.

ცეცაძე თვითკრიტიკული ადამიანია და დარწმუნებულია ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებში. ეყო ვაჟკაცობა და თქვა, რომ ნაკრებიდან სამი წაგების გამო წამოვედიო. თითქმის არ მახსენდება მწვრთნელი, რომელსაც ეს ეთქვას. ამიტომ ვიცი, მისი მიდგომა და რამდენად მაქსიმალისტია. ობიექტურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენი ამოცანაა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის და სამეულში მოსახვედრად. ისევე, როგორც თასისა და სუპერთასის მოგება. ევროტურნირებზე კი ამ პერიოდში ჯგუფში მოხვედრაა ჩვენი მიზანი, ეს ცალსახაა, მთავარი მიზანი ესაა.

გულშემატკივარს რაც შეეხება, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. არ ვაკნინებ „ტორპედოსა“ და „დინამო ბათუმის“ ხელმძღვანელობის მუშაობას, მაგრამ ამ გუნდების ბოლოდროინდელი წარმატება გულშემატკივრების დიდი დამსახურებაა. ამიტომ, ის უპირატესობა, რომელიც რეგიონის გუნდებს აქვთ, როგორმე უნდა დავაბალანსოთ.

მალის და კოხრეიძის წასვლა? ჩვენი ამოცანა ყოველთვის გახლდათ, რომ „საბურთალო“ ერთგვარი ფანჯარა იყოს ფეხბურთელების ევროპაში წასასვლელად. იგივე ჯერ კიდევ აკადემიიდან წავიდნენ, ლაშა დვალი, ვაკო ყაზაიშვილი და წარმატებულად თამაშობენ. გიორგი ხარაიშვილი ჩვენი გუნდის სული და გული იყო, მაგრამ როდესაც მზად იყო ევროპაში სათამაშოდ, ხელი არ შეგვიშლია და ახლა ეროვნული ნაკრების წევრია. მაგრამ ერთი რამ უნდა იყოს ნათელი: როდესაც ფეხბურთელს წასვლა უნდა, ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც განვითარდება და სათამაშო დრო მიეცემა. ჩვენ ასეთ შემთხვევაში შეზღუდვები არ გვექნება და ჩვენი გუნდის სიძლიერეც ისაა, რომ მათი ჩანაცვლება შეგვიძლია. თუნდაც აკადემიიდან ან ტრანსფერებიდან. აკადემია ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენთვის მთავარია ხარისხი, თუ რამდენ ფეხბურთელს მოგვაწვდის აკადემია. უმნიშვნელოვანესია აკადემიაში ინვესტირება და ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვაპირებთ უახლოეს პერიოდში, რადგან მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ. ჩემი სურვილი იქნება, რომ აკადემიებზე ხშირად ვისაუბროთ, რომ სხვებსაც მივცეთ სტიმული.

"არარატთან" წაგება და რეაქცია? ძალიან ბევრი იმედგაცრუება ყოფილა. ერთხელ შევესწარი, რომ „აიაქსმა“ პსვ-სთან სახლში 0:4 წააგო და გუნდის კაპიტანი, რომ შეცვალეს, ტაშით გააცილეს. მაშინ ვფიქრობდი, როდის მოხდებოდა ასეთი რაღაც ქართულ სინამდვილეში. თუმცა, ობიექტურადაც ვთქვათ, პირველი ორი თამაშის შემდეგ გავსებულმა სტადიონმა ოვაციებით გააცილა ჩვენი გუნდი. მე არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, რომ გუნდმა სახლში ზედიზედ სამი თამაში წააგო და სამიდან ორში ოვაციებით გააცილეს. მესამე კი, უკვე ნამეტანი იყო. ამიტომ, იმაზე მეტს ნუ მოვითხოვთ გულშემატკივრებისგან, ვიდრე შეიძლება. მიუხედავად ამისა, უნდა განვასხვავოთ, რადგან არიან ქომაგები, რომელთა ცოდნა, სიყვარული არ დაეწუნებათ და მათ წინაშე ვიხდი ბოდიშს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორით ცხოვრობენ. ერთ-ერთ რაიონში გვქონდა თამაში და დავინახე, რომ გულშემატკივრები ჩვენდამი ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობულნი. რომ ვკითხე გუნდის ხელმძღვანელობას, მაგ თამაშს ფსონი ჰქონდათ, წააგეს და ამიტომ არიან გაბრაზებულნიო. ორი კატეგორია იყო, რომლებიც ტოტალიზატორით თამაშობენ და ამიტომ ბულინგის მსხვერპლნი გავხდით და არის მეორე კატეგორია, რომელთაც გული მართლა ძალიან ეტკინათ. მე „საბურთალოს“ გრძელვადიან განვითარებაში ვუყურებ და ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. ამ ფაქტმა ჩვენი იმიჯი შელახა და ძალიან უკან დაგვხია", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115486