ინგლისურმა „ლივერპულმა“ ტექნიკური სპონსორი შეიცვალა. როგორც მერსისაიდელთა ვებგვერდი იტყობინება, 2020-2021 წლების სეზონიდან კლუბს Nike შემოსავს.
„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ აცხადებს, რომ მსოფლიოს წამყვანი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის კომპანია Nike 2020-2021 წლების სეზონიდან კლუბის ოფიციალური სპონსორი იქნება. ეს ასახავს ჩვენი ამბიციების გაზრდას გლობალურ დონეზე და მოუთმენლად ველოდებით მათთან მუშაობას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამრიგად, „ლივერპული“ New Balance-ს ემშვიდობება, ხოლო Nike-თან შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.
აქვე გეტყვით, რომ Nike „ლივერპულს“ წელიწადში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.