ტურინის „იუვენტუსის“ მცველის მერიჰ დემირალის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. 21 წლის თურქმა ფეხბურთელმა ბოლო ხანს მაურიციო სარი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა და უკანასკნელი 5 თამაში შეუცვლელად ჩაატარა.
დემირალმა ზაფხულში დიდი ზარ-ზეიმით და 85 მილიონ ევროდ შეძენილი მატიას დე ლიხტიც კი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან. თურქით კი, ამასობაში არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესედა.
იტალიური მედიის ცნობით, „კალიარისთან“ გუშინდელ მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტები სწორედ მის გამო ესწრებოდნენ. ამასთან, ცნობილია, რომ „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ სიტის“ 45 მილიონიანი, „დორტმუნდის“ 40 მილიონიანი და „ლესტერ სიტის“ 35 მილიონიანი წინადადებები დაბლოკა.
ტურინში დემირალზე დიდ იმედს ამყარებენ და როგორც ჩანს, მისი გაყიდვა გუნდის გეგმებში არ შედის. საინტერესოა, რომ თურქმა დღემდე „იუვენტუსის“ ღირსება მხოლოდ 6 შეხვედრაში დაიცვა, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი რეკორდულად იზრდება. „ბებერმა ქალბატონმა“ ზაფხულში „სასუოლოს“ მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი, მერიჰის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს უტოლდება.