ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა. 38 წლის შვედმა გენუის „სამპდორიასთან“ 35 წუთი ითამაშა, თუმცა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა და „როსონერიმ“ მორიგი ქულები გაანიავა - 0:0.
მატჩის შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ გოლის გატანა და გულშემატკივრების წინაშე ღმერთის ჟესტის გაკეთება სურდა.
„ვხედავ, რომ მოედანზე თვიდაჯერება და აგრესია გვაკლია გოლის გასატანად, ნაკლებად კონკრეტულები ვართ. უნდა გვესმოდეს რა არის საჭირო ამ სიტუაციიდან გუნდის გამოსაყვანად. აქ ოთხი დღეა ვარ, გპირდებით, რომ ყველანაირად ვეცდები დახმარებას. ცოტა ნდობა გვაკლია.
მოედანზე შესვლის მომენტი? ადრენალინი ვიგრძენი, დიდი ემოცია, როგორც 9-10 წლის წინ. ტიფოზებთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, მოტივაციას მაძლევენ. ძალიან ემოციური ვარ, მოედანზე კონცენტრირებული. მინდოდა გოლი გამეტანა და კურვის წინაშე ღმერთის ნიშანი გამეკეთებინა.
ვიცი, რომ გულშემატკივრები არ არიან კმაყოფილნი, შედეგები არ არის დადებითი. უნდა ვიმუშაოთ და პოზიტიურად ვიფიქროთ“, - აღნიშნა ზლატანმა.