ფეხბურთი

21:12 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსიმ კარიერა დაასრულა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დე როსიმ „ბოკა ხუნიორსი“ დატოვა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილება კი პირადი მოტივების საფუძველზე მიიღო.

„ჩემი ოჯახის არცერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, არც სხვა სახის სერიოზული პრობლემები გვაქვს. მივდივარ, რადგან ოჯახთან ახლოს ყოფნა მინდა, ძალიან მენატრება. კლუბის ხელმძღვანელობას შენარჩუნება სურდათ, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ მე არ მჭირდება დახმაება. დავტოვე ჩემი საქმე, ჩემი სპორტი, ჩემი ვნება. დამწუხრებული ვარ, რადგან მინდოდა კიდევ ათი წელი მეთამაშა.

ჩემი უფროსი ქალიშვილი 14 წლისაა და ერთადერთია, რომელიც იტალიაში დარჩა. მას მამამისი სჭირდება. ფეხბურთში მუშაობას დანამდვილებით გავაგრძელებ. არასდროს მიფიქრია, რომ „რომას“ შემდეგ გუნდი ასე შემიყვარდებოდა, ჩემი გული აქ დარჩება.

რამდენიმე თვე დავისვენებ და ვისარგებლებ საუკეთესო მწვრთნელების მოსმენით. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მინდა ასე გაგრძელდეს. მნიშვნელოვანი კარიერა მქონდა, დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, მაგრამ ერთ დღეს ყველა ფეხბურთელის კარიერა სრულდება“, - განაცხადა დე როსიმ.

დე როსიმ სახელი მშობლიურ „რომაში“ თამაშით გაითქვა, სადაც 2001-2019 წლებში 616 შეხვედრაში 63 გოლი გაიტანა. გასულ წელს დანიელე „ბოკას“ შეუერთდა, მაგრამ არგენტინულ გუნდში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა და გოლი ერთხელ გაიტანა. 36 წლის ფეხბურთელმა იტალიის ნაკრებში 2004-2017 წლებში 117 თამაშში თავი 21-ჯერ გამოიჩინა.

რაც შეეხება ტიტულებს, „რომასთან“ ერთად ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მიაღწია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2004 წელს კი, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

0.120774