ფეხბურთი

23:51 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ - საახალწლოდ +13

კვირის ადრეული მატჩი ლონდონური დერბი იყო და დღევანდელი ვითარებით, რთული სათქმელი გახლდათ, რა მოხდებოდა. „არსენალი“ მთელი სეზონია კრიზიშია და ახლახან დამრიგებელიც შეუცვალეს. „ჩელსის“ კი რაღაც ტალღური, უთანაბრო თვეები აქვს, შესანიშნავ მონაკვეთს ძალიან ცუდი მოსდევს. ის იყო, გვეგონა, „არისტოკრატებმა“ საუკეთესო ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრესო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

„მეთოფეთა“ ახალ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას, რომელიც მეორე მატჩს ატარებდა ლონდონელთა თავკაცად, მხოლოდ 7 წუთი დააკლდა თავის პირველ გამარჯვებამდე.

პირველ ტაიმში ობამეინგმა გახსნა ანგარიში ეფექტური თავურით. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე სტუმრებმა იძალეს. შეცვლაზე შესულმა ჟორჟინიომ და ტემი აბრაჰამმა იყოჩაღეს და „ჩელსი“ ჯერჯერობით ისევ მყარად დგას მეოთხე ადგილზე. „არსენალი“ კი სულაც მე-12 ადგილამდე დაქვეითდა.

„ლივერპულმა“ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მაგრამ ძალიან რთული შეხვედრა კი გამოუვიდა „ვულვერჰემპტონთან.“ მასპინძელ მერსისაიდელებს თითქოს ცოტა დაღლაც ეტყობოდათ, რადგან განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მცველებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს. მაგალითად, ვან დეიკმა და ალექსანდერ-არნოლდმა.

მთავარი ამბები პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა. 42-ე წუთზე, ვან დეიკის გადაცემის შემდეგ, ლალანამ საჯარიმოში მხრით დაუგდო ბურთი მანეს და სენეგალელს გატანა არ გასჭირვებია.

სტუმართა სათადარიგოთა სკამზე ერთი ალიაქოთი ატყდა „მგლები“ ანიშნებდნენ ლალანას ბურთი ხელზე მოხვდაო, მაგრამ საქმეში ვიდეოარბოტრის ჩართვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა.

აქვე სტუმრები გააქტიურდნენ და მალევე საპასუხო გაიტანეს. ხონი კასტროს გადაცემის შემდეგ ნეტუმ შეაგდო. ისევ მიმართეს ვიდეოარბიტრს, რომელმაც დაადასტურა, რომ ხონი თამაშგარეში იმყოფებოდა. გოლი გააუქმეს და სტუმართა სკამი ისევ აფეთქდა. თუმცა, გადაწყვეტილებას ვინღა გააუქმებდა.

მეორე ტაიმი ძალიან დაძაბული გამოდგა. „ვულვზის“ რიგებში ადამა ტრაორეს გამოჩენის შემდეგ ხომ „მგლებმა“ კიდევ უფრო სახიფათოდ უტევდნენ, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.

„ლივერპულმა,“ თუ შარშანდელი სეზონის ბოლოსაც დავუმატებთ, 36-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და 13 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ლესტერს.“

და კიდევ, „წითლებმა“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი საგანგებო ნიშნიანი მაისურებით ითამაშეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-20 ტური. 29 დეკემბერი

არსენალი - ჩელსი 1:2

ლონდონი. „ემირეითსი,“ 60 309

1:0 ობამეიანგი (13), 1:1 ჟორჟინიო (83), 1:2 აბრაჰამი (87)

არსენალი: ლენო, მეიტლენდ-ნაილსი, ჩემბერსი (მუსტაფი 23), ლუისი, საკა, იოზილი (უილოკი 76), ტორეირა, ობამეიანგი, ნელსონი (პეპე 86), გენდუზი, ლაკაზეტი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ჩელსი: კეპა, ზუმა, რიუდიგერი, ტომორი (ლემპტი 59), კანტე, კოვაჩიჩი (ჰადსონ-ოდოი 70), ასპილიკუეტა, ემერსონი (ჟორჟინიო 34), ვილიანი, აბრაჰამი, მაუნტი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფერხილება: გენდუზი (10), ლუისი (47), ტორეირა (73), ლაკაზეტი (77), მეიტლენდ-ნაილსი (90+1); მაუნტი (30), კანტე (30), რიუდიგერი (34), ჟორჟინიო (55)

ლივერპული - ვულვერჰემპტონი 1:0

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 326

1:0 მანე (42)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 86), ლალანა (კეიტა 67), მანე, სალაჰი, ფირმინო (ორიჯი 86)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, ბენეტი, დენდონკერი (ტრაორე 58), კოდი, კილმენი, კასტრო, მოუტინიუ, ნევეში (საისი 58), ნეტუ, ჟოტა (ხიმენესი 72), ვინაგრე

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ლალანა (45+1)

სიტი - შეფილდი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 512

1:0 აგუერო (53), 2:0 დე ბრუინი (82)

სიტი: ბრავო, ზინჩენკო, გარსია, უოკერი, დე ბრუინი, ფერნანდინიო, ბერნარდუ სილვა (გიუნდოგანი 62), როდრი, სტერლნგი (ჟეზუსი 87), მაჰრეზი, აგუერო (ფოდენი 81)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

შეფილდი: ჰენდერსონი, ბეშემი, სტივენსი, ბოლდოკი, ო’კონელი, ეგანი, ფლეკი, ნორვუდი, ბეშიჩი (მაკბერნი 75) , მუსე (შარპი 83), რობინსონი (მაკგოლდრიკი 57)

მწვრთნელი: კრის უაილდერი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (59); სტივენსი (85)

0.139797