ბლოგი

11:24 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძველი, ნამდვილი, თოვლიანი ახალი წელი...

სულ მალე ახალი წელი შემოაჭრიალებს ჩვენი სახლების, ქალაქების, დაბებისა თუ სოფლების კარს. ახალი წლის მოგონებები ყველას ბავშვობასთან გვაბრუნებს და თუკი რაიმე ნათელი და ლამაზი გვახსენდება, ყოველივე “რატომღაც“ სწორედ ჩვენი ბავშვობის წლებში იყო. ეს ცხადია ხდება არა იმიტომ, რომ მხოლოდ ბავშვობაში ხდებოდა კარგი ამბები, არამედ პირველყოვლისა იმის გამო, რომ ბავშვი ყველაფერს მაინც ნათელი თვალებით უყურებს (თუნდაც ეს ყოველივე საშინელ ეპოქაში ხდებოდეს) და ასე დანახული ამბები ბუნებრივია არასოდეს გავიწყდება.


ჩემს ბავშვობაში, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახალ წელს თბილისში თოვლი იდო ხოლმე, მახსოვს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ნათესავებთან წამიყვანეს. მათთან ადრეც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი და წასვლა სულ მეხალისებოდა, რადგან იმ ქუჩაზე ჩემი ტოლა ოთხი თუ ხუთი ბიჭი ცხოვრობდა. მათთან თამაში სახალისოც იყო, საინტერესოც და რაც მთავარია, ახალი ამბების მომტანიც, რადგან ჩემს ბავშვობაში სიახლეებს ტელევიზორზე მეტად ადამიანებისგან ვიგებდით. თანატოლებთან გული ყველაზე მეტად ახალი მაიმუნობებისა და ეშმაკობების გასაგებ-შესასწავლად მიმიწევდა.
თოვლიანი ზამთარი იყო და მასობრივი უტრანსპორტობის პირობებში ძლივს მივაღწიეთ ნათესავის სახლამდე. ჯერ სახლში შესულებიც კი არ ვიყავით, რომ ის ჩემი ნაცნობი ბიჭები დაბარებულებივით გამომეცხადნენ შესასვლელთან და ნათესავეთან მისალმების შემდეგ, მაშინ როდესაც უფროსები საახალწლო კერძებს მიირთმევდნენ, ჩვენ უბანში მდებარე მოზრდილ სტადიონზე (სადაც მინიმუმ ნახევარი მეტრის სიმაღლის თოვლი მაინც იდო) წავედით, ფეხებზე ამოვიკარით იქვე ნაპოვნი ცელოფნის პარკები, ერთ-ერთმა ბიჭმა სახლიდან გამოიტანა ძველი, დახეული, მთლიანად დაფლეთილი ბურთი და ამ დიდ თოვლში ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.
თოვდა, გაუკვალავ თოვლში ფეხი გვეფლობოდა, მალიმალ ვეცემოდით, იყო ერთი ბრაგა-ბრუგი, თოვლში ფეხების ჩავარდნა, მოსრიალება, აყირავება, დაზღერთება, გნიასი, ამბები... განსაკუთრებით მძიმე დღეში იყო ის, ვისაც მეკარეობა უწევდა და ამ სისველე-სიწუნწუხეში დახტოდა მაიმუნივით. ერთიანად დავსველდით, შარვალს და წინდებს ვინ ჩივის, მთელი ტანსაცმლიდან წყალი გაგვდიოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებდით ამ გიჟურ სრბოლას და იქამდე არ ვიცვლიდით მოედნიდან ფეხს, სანამ მშობლებმა სულ ძალისძალათ არ გამოგვრეკეს.
იმ თამაშის გამო მგონი გავცივდი კიდეც და მერე მკურნალობის კურსის გავლაც დამჭირდა თავისი ნემსებით და უბედურებებით. მახსოვს, ჩემები კარგა ხნის მანძილზე მიკრძალავდნენ იმ ნათესავებთან გაყოლას და ეს მაშინ მკაცრზე-მკაცრი სასჯელი იყო.
ამ ამბის შემდეგ მრავალი ზამთარი და ახალი წელი გავიდა. მრავალი სუფრა გაიშალა და ბევრი ლამაზი სადღეგრძელო დაილია ახალ წელზე, ჩვენს იმედებზე, რომ მომავალი უკეთესი გვექნება და არც ერთმანეთისთვის ამ დღესასწაულის მილოცვა დაგვზარებია. მაგრამ ჩემთვის ის ახალი წელი, უფრო სწორად კი პირველი იანვრის დილა იყო დაუვიწყარი, რადგან ჩაჟამებულ, ნაომარ ქალაქში ჯერ კიდევ ვიყავით ბავშვები, იყო თოვლი, ვთამაშობდით ფეხბურთს და არაფრის გვეშინოდა ამქვეყნად.
ჩვენი პორტალის ერთგულ მკითხველებს გულით, სულით და დიდი პატივისცემით გილოცავთ ახალ 2019 წელს. მხნეობას, ჯანმრთელობას, მუდმივ სიხარულს და ნათელი მოგონებების არგამოლევას გისურვებთ!

0.126828