ფეხბურთი

15:22 | 23.12.2019 | ნანახია 1807 - ჯერ

ზაზა დოლიძე: "ნინუას მიმართ ინტერესს იტალიური და გერმანული გუნდები იჩენენ"

„დინამო თბილისმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კაცა ჩხეტიანი ოფიციალურად წარადგინა. ჟურნალისტების კითხვებს ჩხეტიანისა და რომან ფიფიას გარდა, „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემაც უპასუხა.

დოლიძემ გუნდის უახლოსი გეგმების და სატრანსფერო სიახლეების შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ ნიკა ნინუას მიმართ ინტერესს გერმანული და იტალიური გუნდები იჩენენ.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო კახა ჩხეტიანს „დინამოს“ მწვრთნელობა. ჩვენი მიზანია ჩვენი აკადემია უფრო მეტად წამოიწიოს წინ, გავაფართოვოთ სკოლები და უფრო მეტ ბავშვს მივცეთ შანსი, რაც პროპორციულად მთავარ გუნდში დაწინაურების შანსს ზრდის. ჩხეტიანი ჩაიბარებს არამარტო პირველ გუნდს, არამედ აკადემიას და ასაკობრივ გუნდებს.

ჩვენი პრიორიტეტია, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ. მაგრამ ამასთან ერთად ახალი ფეხბურთელების დამატებასაც ვაპირებთ. კონკრეტულ სახელებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამაზე მიდის მუშაობა. იანვარში ვიკრიბებით და იმ დროისთვის 90%-ით გუნდი დაკომპლექტებული იქნება.

ჩვენი გეგმა საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელების დამატებაა და ასევე რამდენიმე ლეგიონერის. ამ სქემით შეიძლება წარმატების მიღწევა. ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ გვრჩება, უნდა ვიმუშაოთ, რომ მაღალი დონის გუნდი გავაკეთოთ.

არ დაგიმალავთ, რომ ნინუაზე არის წინადადება. ვფიქრობ, წასვლის შესაძლებლობა მაშინ უნდა მივცეთ, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო იქნება. საიდან აქვს კონკრეტული წინადადები ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან, მაგრამ კონკრეტული წინადადებები ამ ეტაპზე არაა. ყველა სიახლეს ეტაპობრივად გავიგებთ“ - განაცხადა დოლიძემ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:17 | 23.12.2019
lagashi (6738)

ბატონო დოლიძევ, ერთი კაცი დაასახელეთ რომელიც ფიფიამ ახალგაზრდულ ასაკშივე გაყიდა (არგუმენტით, აქაურ ჩემპიონატში ისედაც ვერ განვითარდებიანო და სჯობს ხელი შევუწყოთ უცხოეთში აიწყოს კარიერაო) და ვარსკვლავური თუ არა ნახევრად ვარსკვლავური კარიერა რომ აიწყვეს (ერთი ჩაკვეტაძეს შევყურებთ იმედის თვალებით), როდის უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენს და ზოგადად ქართულ კადრებს ძალიან უჭირთ ევროპაში მოწყობა, საბოლოოდ ვერც დინამოს მატებენ რამეს და თვითონაც წვალებაში არიან მერე, აცადეთ ნინუას და სხვა ახალგაზრდებს 21-22 წლამდე, ამასობაში უკეთ შეთამაშდებიან და ნახავთ რომ დინამოსაც აათამაშებენ.

0.121872