ფეხბურთი

14:42 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: "საქართველოში მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა ძალიან რთულია"

"დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კახა ჩხეტიანი კლუბის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინა. ფიფიამ გარდა იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა, სხვა საკითხებსა და კლუბის უახლოეს სატრანსფერო გეგმებსაც შეეხო.

„მინდა წარვადგინო ახალი მწვრთნელი ბატონი კახა ჩხეტიანი. ჩვენთვის ეს დიდი პატივია, რომ ის ჩვენი გუნდის მწვრთნელი გახდა. ამავე დროს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანელ მწვრთნელებს, რომლებმაც დატოვეს „დინამო“. მთავარ მწვრთნელს ჰქონდა პრობლემები, ჩისკოს აწუხებდა კონკრეტულად ლიცენზირების თემა. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ყველანაირი მეთოდებით ვცადეთ ამ პრობლემების გადაჭრა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ დღეს აქ კახასთან ერთად ვიმყოფებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

მოგეხსენებათ, რომ უკვე 9 წელია „დინამოს“ მესაკუთრე ვარ. რამდენმა წყალმა ჩაიარა, ბევრი კრიტიკა გამოვიარე... „დინამო“ ოთხჯერ გახდა ჩემპიონი ჩემს ხელში, არცერთი მწვრთნელი მე არ გამიშვია, ვინც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. მწვრთნელებმა თავისი გადაწყვეტილებით ითხოვეს და წავიდნენ. მაგალითად, დუშან უჰრინი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი წინადადება ჰქონდა და უნდა გამეშვა, რადგან მისთვის დიდი გამოწვევა იყო. მე ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნება მინდოდა. დარწმუნებული ვარ, კახასთან მსგავსი არ მოხდება და ჩვენს გვერდში მაქსიმალურად დავუდგებით. ვიმეორებ, რომ წარმატებული მწვრთნელი მე არცერთი არ გამიშვია და ეს კრიტიკა ხშირად მისაღები არაა. ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება და უცხოეთში წასვლას არ აპირებს, აქ ბევრი საქმე აქვს.

რაც შეეხება უცხოელ ლეგიონერებს, დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი იყო ჩისკო. მის გარდა 100-მდე ლეგიონერი გვყავდა ჩამოყვანილი, სხვადასხვა ანაზღაურებით, 5 ათასიდან 30 ათასამდე, მაგრამ არავინ გამოგვადგა. აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა, სერიოზული პრობლემაა, მათ არ უნდათ აქ ჩამოსვლა. თვეში 30 ათასის ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონის ლეგიონერი ჩამოგყავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ჩამოვყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც სხვაგან ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. უნდა დავიჭიროთ ბალანსი, ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდებით, როგორმე მივაღწიოთ ამ ბალანსს. რა თქმა უნდა, კახას გადასწყვეტია თითოეული ფეხბურთელი ვინც მოვა „დინამოში“. მერწმუნეთ, ეს არაა ადვილი, გამართლებაზეა, გვინდა 4-5 ფეხბურთელის ჩამოყვანა, ვნახოთ, როგორც გამოგვივა, ისეთ წარმატებებს მივაღწევთ.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა, რომ მან ითამაშოს და „დინამოს“ სარგებელი მოუტანოს. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, სამწუხაროდ ტრავმიანობა პრობლემაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ კარგ ფორმაში იქნება. ახლა მეტს ამაზე ვერაფერს გეტყვით, ძალიან მონდომებულია და იმედი გვაქვს, საუკეთესო ფორმაში შევა.

მე მაქვს 9-წლიანი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვღებულობთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება „დინამოს“. ჩვენ ვთქვით, რომ ვინც გუნდშია მოსაყვანი, პირველ რიგში ქართველი, ვინც შესაძლებელია გვინდოდეს და შანსი არსებობს , რომ საქართველოში სათამაშოდ ჩამოვიდეს, ის აუცილებლად ჩვენთან ითამაშებს", - განაცხადა ფიფიამ.

აქვე გეტყვით, რომ "დინამოსა" და კახა ჩხეტიანს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117616