ფეხბურთი

2:43 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს სადებიუტო გამარჯვება და შერცხვენილი "მილანი"

2019 წელი კატასტროფულად დასრულდა „მილანისთვის“. „როსონერის“ პრობლემები ხომ ისედაც მოძალებული აქვს და წლის ბოლო მატჩში საერთოდ ყველაფერი ჩამოიშალა. სტეფანო პიოლის გუნდი ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრა და საშვილიშვილოდ შერცხვა.

5:0 – „ატალანტამ“ ერთ დროს მრისხანე მეტოქე დაარბია და საქვეყნოდ შეარცხვინა. სხვათა შორის, „მილანმა“ სერია A-ში ხუთბურთიანი სხვაობით ისტორიაში მეოთხედ, ხოლო 1998 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო. ბერგამოელებმა კი ძალიან ლამაზი გოლები გაიტანეს და განსაკუთრებით იოსიპ ილიჩიჩი უნდა გამოვარჩიოთ. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონისკენ იწევს, ხოლო „მილანი“ მე-11 ადგილზეა და წელს ძალიან უნდა გაუჭირდეს თუნდაც ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.

„ნაპოლიმ“ 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ჯენარო გატუზომ კი ნეაპოლიტალენთა თავკაცის რანგში სადებიუტო გამარვება იზეიმა. „ნაპოლი“ „სასუოლოსთან“ დიდხანს აგებდა და მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება. როგორც ნამატჩებს გატუზომ თქვა, ეს არაფერს ნიშნავს, მისი გუნდი ისევ ავადაა და სამუშაო ბევრი აქვს. ნეაპოლელებმა ოდნავ გამოიკეთეს სატურნირო ვითარება, მაგრამ მდგომარეობა ჯერაც მძიმეა.

მე-17 ტურში კიდევ ორი მატჩი შედგა. „ბრეშა“ „პარმას“ მარიო ბალოტელის გოლით ბოლო წუთამდე უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულით მოუწია დაკმაყოფილება, ხოლო „ბოლონიამ“ სტუმრად „ლეჩე“ რიკარდო ორსოლინის ლიდერობით დაამარცხა.

ახლა სერია A-ში საშობაო პაუზა გამოცხადდა და სეზონი ორი კვირის შემდეგ განახლდება.

„ატალანტა“ – „მილანი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 გომესი (10), 2:0 პაშალიჩი (61), 3:0 ილიჩიჩი (63), 4:0 ილიჩიჩი (72), 5:0 მურიელი (83)

„პარმა“ – „ბრეშა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბალოტელი (72), 1:1 გრასი (90)

„ლეჩე“ – „ბოლონია“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ორსოლინი (43), 0:2 სორიანი (56), 0:3 ორსოლინი (66), 1:3 ბაბაკარი (85), 2:3 ფარიასი (90)

„სასუოლო“ – „ნაპოლი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ტრაორე (29), 1:1 ალანი (57), 1:2 ობიანგი (90, ა.გ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204469