ფეხბურთი

16:39 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სადებიუტო გოლი და დიდი ემოცია: "ამ საღამოს არ მეძინა, გოლი დედაჩემს ეძღვნება"

მილანის „ინტერმა“ სერია A-ში „ჯენოა“ 4:0 გაანადგურა და ერთი გოლი სებასტიანო ესპოზიტომ გაიტანა. იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერაში პირველად ითამაშა „ინტერის“ ძირითად შემადგელობაში და ესოდენ მნიშვნელოვანი საღამო გოლით დააგვირგვინა.

აღსანიშნავია, რომ ესპოზიტო „ნერაძურის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (17 წლის და 172 დღის), რომელმა „სან სიროზე“ გოლი გაიტანა. ლეგენდარული ჯუზეპე ბერგომის მიღწევა გააუმჯობესა. მთლიანად სერია A-ში კი, რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია „ინტერის“ ისტორიაში მარიო კორსოს (17 წლის და 97 დღის) შემდეგ, რომელმაც გოლი გაიტანა (კორსომ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა).

გოლის შემდეგ ესპოზიტომ ტრიბუნასთან მიირბინა და დედას ჩაეხუტა, გოლიც მას მიუძღვნა. ემოციურმა კადრმა სოციალური ქსელი დიდი პოპულარობით მოაიარა:

„მხოლოდ დედაჩემი დავინახე, გოლი მას ეძღვნება. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას და ჩემს ოჯახს, რომ ყოველთვის ჩემთან ახლოს იყვნენ. ამ საღამოს არ მეძინა, მთელი ღამე ვფიქრობდი და უკეთეს საღამოს ვერ წარმოდივდგენდი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მწვრთნელს, ხელმძღვანელობას. იმედია ასე გავაგრძელებ და ამ გზას გავყვები.

ლუკაკუმ პენალტი დამითმო? საოცარი ადამიანია. მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან პენალტი დამითმო. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა და მეორე გოლმაც დაამტკიცა. ჩემთან მოვიდა და მითხრა: "მიდი ბურთთან დარწმუნებული და გაიტანე“, - თქვა ესპოზიტომ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ საშობაო პაუზაზე 42 ქულით გავიდა და ლიდერობას „იუვენტუსთან“ ერთად ინაწილებს.

0.127106