კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში დიდებული დღე ჰქონდათ „ანორთოსისის“ ქართველ ლეგიონერებს. თემურ ქეცბაიას გუნდმა საკუთარ მოედანზე „ენოსისი“ 5:1 გაანადგურა და ამაში ჩვენებურების დიდი წვლილია.
თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი შეუცვლელად გაისარჯნენ, ნიკა კაჭარავამ 65-ე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა. კაჭარავამ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა, ხოლო ერთი საგოლე პასი დაუშვილის აქტივშიცაა.
მე-14 წუთზე ნიკოს კალტასმა ანგარიში კაჭარავას დროული და ზუსტი გადაცემით გახსნა. 10 წუთში ოქრიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის სხვაობა გაზარდა, ხოლო 31-ე წუთზე უკვე კაჭარავამ მოახერხა მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილმა გატანა. ტაიმის ბოლო წუთზე ნიკა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, ამჯერად დაუშვილის ჩინებული პასით და დუბლი გაიფორმა.
კაჭარავას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა, ხოლო ოქრიაშვილმა ამდენივე შეხვედრაში თავი მეორედ გამოიჩინა. თემურ ქეცბაიას გუნდს კი, 13 თამაშში (ერთი მატჩი გამოტოვებული აქვს) 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის ლიდერია.