„ლივერპული“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია. „წითლებმა“ მექსიკურ „მოტერეისთან“ ნახევარფინალში ბევრისთვის მოულოდნელად უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს და მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს ფინალის საგზური.
შეხვედრა ინგლისელებისთვის ძალიან კარგად დაიწყო. მე-12 წუთზე მომო სალაჰის დროული და ჩინებული პასით ნაბი კეიტას ისღა დარჩენოდა ახლო დისტანციიდან მექსიკელთა კიპერი დაეჯაბნა და დაჯაბნა კიდეც. თუმცა, „მონტერეიმ“ პრაქტიკულად პირველივე საპასუხო იერიში გოლად აქცია.
„ლივერპულის“ დაცვა ჩავარდა და ალისონმაც ცხვირწინ მოიგერია ბურთი, რომელსაც ფიუნესმა შედეგიანად დაამატა. შემდეგ კი ორივე გუნდს მრავლად ჰქონდათ სახიფათო მომენტები. განსაკუთრებით მექსიკელებს, მაგრამ ალისონი ჩინებულად ირჯებოდა და საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან.
და მაშინ, როდესაც ყველა დამატებითი დროისთვის ემზადებოდა, მოედანზე 5 წუთით ადრე შესულმა რობერტო ფირმინომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მსაჯის მიერ კომპენსირებული სამი წუთის დასაწყისში მოხდა, როდესაც ბრაზილიელმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის პასის შემდეგ ერთი შეხებით ფინალში მომტანი გოლი გაიტანა.
ამრიგად, „ლივერპული“ ტიტულისთვის 21 დეკემბერს, ბრაზილიურ „ფლამენგოს“ გაეჯიბრება, ხოლო „მონტერეის“ თავის დამშვიდება მესამე ადგილის მატჩით მოუწევს, რომელსაც საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ გამართავს.
„მონტერეი“ – „ლივერპული“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 კეიტა (12), 1:1 ფუნესი (14), 1:2 ფირმინო (90)