„სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობას გაზაფხულიდან დაუბრუნდება“ - წერს Championat-ი. ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც 10 ფეხბურთელი მოხვდა, ვისგანაც გაზაფხულზე გაბრწყინებას ელოდებიან იმის ფონზე, რომ სეზონის პირველ ნახევარში ჩრდილში იყვნენ.
ერთ-ერთი მათგანი სოლომონ კვირკველიაა, რომელმაც იური სიომინის ნდობა დაკარგა და იშვიათად თამაშობდა.
„გასაკვირია, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა სეზონის პირველი ნახევარი სათადარიგო სკამზე გაატარა. ჩვენი გამოცემა კვირკველიას ესაუბრა და ის ამტკიცებდა, რომ სათამაშო პრაქტიკის არარსებობა განპირობებულია რთული ტრავმით. სექტემბრის ბოლო პირველად ითამაშა, რუსეთის თასზე, ტრავმის მოშუშების შემდეგ. თუმცა, სიტუაცია მერეც მძიმე დარჩა და სიომინმა კვირკველია მეორედ მხოლოდ ნოემბრის ბოლოს „ტამბოვთან“ მეორე ტაიმში ათამაშა. ამას მოჰყვა წილის ბოლო შეხვედრა „ატლეტიკოსთან“, რომელშიც შეუცვლელად ითამაშა. ასე, რომ სავარაუდოდ, „რკინიგზელთა“ ძირითად შემადგენლობაში ქართველის დაბრუნებას გაზაფხულზე უნდა ველოდოთ“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია 2.5 წლის განმავლობაში „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და ერთხელ შეცვლაზე ითამაშა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რუსული მედია იანვარში მოსკოვის „დინამოში“ შესაძლო ტრანსფერზეც წერდა.
რუსეთის პრემიერლიგაში ზამთრის შესვენებაა გამოცხადებული და სეზონი 1 მარტიდან განახლდება.