ბლოგი

13:07 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ატალანტამ“ ისტორიის ლამაზი ფურცელი დაწერა!

მადლობა ღმერთს, რომ დუნიაზე ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფეხბურთი მხოლოდ მოპოვებული ტიტულები, დახარჯული მილიონები და გაზულუქებულთა საყვარელი საკვირაო გართობა არაა. ეს ხალხი ფეხბურთში მუდამ ეძებს იმ დეტალებს, ამბებსა თუ მოვლენებს, რაც ესეოდენ ალამაზებს სპორტის ამ სახეობას. ამ ადამინების მეხსიერებაში არასოდეს გაქრება მოგონებები ძლევამოსილ “პარმაზე“, პატარა და უფულო, მაგრამ მრავლისშემძლე “ლიდსზე“, ქარიშხალივით მოვარდნილ და მოულოდნელად გაჩემპიონებულ “კაიზერსლაუტერნზე“, ყოვლად უცნაურ “ფიორენტინაზე“ და სხვა მრავალი მსგავსი...

აი სწორედ ასეთი ხალხისათვის მნიშვნელოვანი და უდავოდ სასიხარულო ამბავი გამოიჭედა გასულ სამშაბათს, რაოდესაც ყველასათვის (და ალბათ საკუთრივ მათი ფანების) მოულოდნელად ბერგამოს “ატალანტამ“ შეძლო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ეს ის “ატალანტაა“, რომლის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც ლიგაზე ვერმოხვედრილი იტალიის ბობოლა კლუბების მესვეურებმა ლამის მეორედ მოსვლად შერაცხეს. ეს ხალხი დღენიადაგ იძახდნენ, რომ ბერგამოული ციცქნა კლუბი იტალიის სახელს ყველაზე მნიშვნელოვან ევროტურნირზე საშვილიშვილოდ შეარცხვენდა. ნურას უკაცრავად!

ყველაფერი კი როგორც ვნახეთ ავყიათა პროგნოზების საპირისპიროდ მოხდა და ამ პატარა ლომბარდიული ქალაქის სრულიად უტიტულო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ სამ ტურში მარცხის შემდეგ არცთუ პატარა სასწაული მოახდინა და იმ სიმაღლეებს უწია, რასაც ბერგამოელი ტიფოზერია მაგალითად შარშანწინ ალბათ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა.

ბერგამოს “ატალანტა“ სხვა არაფერია თუ არა იმედი იმისა, რომ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში ჯერ კიდევ არსებობენ კლუბები, ფეხბურთელები და მწვრთნელები, რომლებიც ბობოლათა იდილიურ “ჟღურტულს“ არღვევენ და სწორედ მაშინ იჩენენ თავს, როდესაც პატარა კლუბებს არავინ ელის. ასეთი შემთხვევები არამხოლოდ ალამაზებს ფეხბურთის ისტორიას, არამედ ერთგვარი სტიმულიცაა სხვა პატარა გუნდებისთვის, რომლებიც ხედავენ როგორ ძნელია იარსებო ბობოლათა კონკურენციაში ძალიან დიდი ფულისა დიდი პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დევნილობაში მყოფი და საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩენილი დონეცკის “შახტარის“ ხარკოვში დამარცხება შეიძლება ბევრს დიდ გმირობად არ მიაჩნდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყეს, რომ აღმოსავლეთ უკრიანელები ბერგამოელებზე ბევრად გამოცდილებიც არიან და მიუხედავად დევნილობისა, ფინანსურადაც უკეთ არიან წელში გამართული. “ატალანტას“ მხარეს კი უდავოდ უნარიანი და ჩემის აზრით დიდი მომავლის მქონე მწვრთნელის - ჯამპირო გასპერინის ნიჭი და ბერგამოელი ტიფოზები არიან, რომლებმაც ბევრ დიდი კლუბს აჩვენეს ნამდვილი გულშემატკივრობისა და საკუთარი გუნდის ბოლომდე ერთგულების მაგალითი.

16 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრაა. მე ვფიქრობ ამკენჭისყრის ცერემონაილზე ყველაზე მშვიდად და ბედნიერი ღიმილით აღვსილნი “ატალანტას“ წარმომადგენლები უნდა იყვნენ. მათთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს ახლა ვის შეხვდებიან და ისიც მჯერა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეხვედრაში ყველა ფეხბურთელი (მწვრთნელი ხომ თავისთავად!) გულსა და სულს ჩადებს. ალბათ არაფერია იმაზე საამოდ საგრძნობი, როდესაც იცი, რომ ისტორიის ახალ ფურცლებს წერ. ახალ და შესანიშნავ ფურცლებს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114246