ფეხბურთი

19:53 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს!
აჭარული გუნდი ბრაზილიელი შემტევის გაფორმებასთანაც ახლოსაა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ დამდეგი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და შესაძლოა ჯანო ანანიძის ტრანსფერი გაოფიციალურდეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 27 წლის ქართველ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და თუ არაფერი შეიცვლება, ჯანო ბათუმურ გუნდში იჯარით ჩაირიცხება.

მოგეხსენებათ, ანანიძის „სპარტაკიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და აქამდე ტულის „არსენალსაც“ დაუკავშირეს. თუმცა, შესაძლოა ქართველმა სამშობლოში თამაშის გადაწყვეტილება მიიღოს. ვინაიდან, „სპარტაკთან“ ჩვენებურს კონტრაქტი აკავშირებს, ამ ეტაპზე მხოლოდ საიჯარო ტრანსფერზეა საუბარი.

გარდა ამისა, „დინამო“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ალან სოუსას ტრანსფერის დახურვასთანაცაა ახლოს. 22 წლის თავდამსხმელი ბელგიური „სენტ ტრუიდენის“ ღირსებას იცავს და ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩიც ჩაატარა. მანამდე კი დანიურ „ვეილესა“ და ყატარის „ალ არაბიში“ უთამაშია. გეტყვით იმასაც, რომ 22 წლის ფეხბურთელმა შარშანდელ სეზონში დანიის სუპერლიგაში 10 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება ანანიძეს, "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და აქამდე მხოლოდ რუსულ გუნდებში "სპარტაკის" გარდა "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" ირჯებოდა.

0.129351