ფეხბურთი

3:28 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სელფის გადასაღებად მოედანზე შეჭრილ ქომაგს გაუბრაზდა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მასთან სელფის გადასაღებად მოედანზე შეჭრილ ქომაგს გაუბრაზდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ პორტუგალიელი თანაგუნდელებთან ერთად „ლევერკუზენის“ (2:0) დამარცხებას ზეიმობდა, როდესაც მას ზურგსუკან ქომაგი მოეპარა, კისერზე ხელი შემოხვია. თუმცა, გულშემატკივარს სტიუარდი მოსდევდა და ამიტომ კრიშტიანუსთან კონტაქტი ცოტა უხეშად მოუვიდა, თანაც 34 წლის ფორვარდი მას ვერ ხედავდა ვინ იყო და ამიტომაც, ფანს გაუწყრა. ამასობაში, სტიუარდებიც ჩაერივნენ საქმეში.

არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რონალდუ და მოუბოდიშებს თუ არა უცნობ გულშემატკივარს, მაგრამ ფაქტია მეტად განრისხებული ჩანდა და ჯანლუიჯი ბუფონი კარგა ხანს ამშვიდებდა. მთლიანობაში, როგორც არ უნდა იყოს, ჟესტი რონალდუს მხრიდან ლამაზი ნამდვილად არ ყოფილა.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ეს მოედანზე გულშემატკივრის მესამე შეჭრა იყო. სამივეს მიზანი კრიშტიანუსთან სელფის გადაღება გახლდათ და პირველმა მათგანმა მიზანი სისრულეში მოიყვანა კიდეც.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, „იუვემ“ რონალდუსა და გონსალო იგუაინის გოლებით მოიგო და ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა (5 მოგება, 1 ფრე). ახლა კი, მერვედფინალში მეტოქეს დაელოდება, რომელიც „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ ან „ჩელსი“ იქნება.

0.135412