საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინმა, თუმცა საკუთარი გუნდი პირველი მარცხისგან ვერ გადაარჩინა. „იბეროსტარ ტენერიფე“ რუსეთში „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 72:75 წააგო.
თამაშის სცენარს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ გადამწყვეტი მეორე პერიოდი გამოდგა, რომელიც რუსებმა 7 ქულით მოიგეს და სწორედ ამ უპირატესობის ხარჯზე სძლიეს ესპანელებს.
გიორგი შერმადინი საკუთარი გუნდის რიგებში ცალსახად საუკეთესო გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 27:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი (80%) და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო (80%), შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.
შერმადინი მოპოვებული ქულებით და სარგებლიანობის კოეფიციენტით „ტენერიფეში“ უბადლო იყო. თუმცა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ნიჟნი ნოვგოროდის“ წევრი ბრენდონ ბრაუნი გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მასაც მარგი ქმედების 28 კოეფიციენტი ჰქონდა და ვინაიდან მისმა გუნდმა იმარჯვა, MVP-ს ტიტულიც მას ერგო.
ამის გარეშეც, შერმადინის გარჯა არ კნინდება და ქართველს უბრალოდ შეუდარებელი სეზონი აქვს, თამაშიდან თამაშამდე დიდებულად ირჯება.
„იბეროსტარ ტენერიფემ“ C ჯგუფში პირველად წააგო, მაგრამ 7 გამარჯვება აქვს და ლიდერის პოზიციაზეა. მომდევნო ტურში კი 17 დეკემბერს, „მორნარ ბარს“ უმასპინძლებს.