წყალტუბოს „სამგურალი“ და დუშეთის „არაგვი“ 2020 წლის სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებენ, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ და ლანჩხუთის „გურია“ ეროვნულ ლიგა 3-ში.
პირველი მატჩების შემდეგ „სამგურალი“ – „კოლხეთის“ წყვილში თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, რადგან იმერლებმა პირველი მატჩი ფოთში 3:0 მოიგეს. სასწაული არ მომხდარა, მეტიც, „სამგურალმა“ საპასუხო შეხვედრაში კიდევ უფრო დაარბია მეტოქე და ლიგით დაწინაურდა.
„სამგურალის“ უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, 6:0 და ორი მატჩის ჯამში 9:0! ამრიგად, წყალტუბოელები ამიერიდან ეროვნულ ლიგა 2-ში გაირჯებიან, ხოლო ისტორიული ქართული გუნდი რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა...
ლანჩხუთის „გურიამ“ ერთი კვირის წინ „არაგვი“ მისსავე მოედანზე 1:0 დაამარცხა და კარგი პლაცდარმი შეიქმნა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუმცაღა, გურულებმა მოპოვებული უპირატესობა საკუთარ კედლებში ქარს გაატანეს. „არაგვმა“ ხინთიბიძის გოლით ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა და ამიტომაც დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც სამადაშვილმა ლანხუთელთა კარში მეორე გოლი გაიტანა - 0:2.
შედეგად, „არაგვი“ ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდა, ხოლო „გურია“ ეროვნულ ლიგა 3-ში გავარდა. ხვალ კი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-აუტის მატჩები შედგება, რის შედეგადაც საქართველოში 2019 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულდება.
„სამგურალი“ – „კოლხეთი“ 6:0 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 9:0
გოლები: 1:0 აფხაზავა (25), 2:0 კუჭუხიძე (42), 3:0 კუხიანიძე (67), 4:0 ახვლედიანი (69), 5:0 კუხიანიძე (79), 6:0 გაზდელიანი (87)
„გურია“ – „არაგვი“ 0:2 (დ.დ) (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:2
გოლები: 0:1 ხინთიბიძე (35), 0:2 სამადაშვილი (103)