რაგბი

13:21 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერთა სამეული სტატუს-კვოს ინარჩუნებს

პირველი ლიგის მეთერთმეტე ტური არასრული გამოდგა. ფოთში, მასპინძლის როლში მყოფი ოზურგეთის ‘არწივები’ სათამაშოდ ‘დევებს’ არ გამოუცხადდნენ.

‘არწივების’ გუნდში ჩამოვარდნილი შიდა უთანხმოების გამო, მთავარმა მწვრთნელმა კახა მაჩიტიძემ სათამაშოდ მხოლოდ 10 მორაგბეს მოუყარა თავი და ბუნებრივია მატჩიც არ შედგა. დებულების თანახმად, ‘დევებს’ ტექნიკური მოგება 30:0, ბონუს-ქულის თანხლებით გაუფორმდებათ, რაც ზუკა შენგელიას შეგირდებს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობას მისცემს. სრკ-ს ტრიბუნალი კი მომხდარზე იმსჯელებს და ვერდიქტს საზოგადოებას უახლოესს დღებში ამცნობს. ‘არწივების’ ხელმნძღვანელობა კი თავის მხრივ იმედოვნებს, რომ პრობლემას უახლოესს დღეებში მოაგვარებს და მომდევნო ტურში გურულები, ასპინძაში ‘ტაოს’ სრული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან.

პირველობის ლიდერი ‘არესი’ იოლი გამარჯვებისა და დაგეგმილი პრემიის აღების მიუხედავად, ქუთაისში გაწბილებული გაემგზავრა. რიონისპირელებს ბრძოლა ეწადდათ და შიდა მძაფრი კონკურენციის პირობებში, სერგო ფრუიძე თამაშში მარქაფას რამდენიმე მოთამაშის სასურველ გამოცდას გეგმავდა. ‘ივერია ვარკეთილს’ მოედანზე სულ 13 მოთამაშე ჰყავდა და აუტსაიდერმა ტრავმების გამო, მატჩი სულაც 11 კაცის ამარა ჩაამთავრა. უთანასწორო ბრძოლაში ‘არესი’ 15 ლელოს დასჯერდა და მატჩი ოფლდაუღვრელად 93:5 მოიგო. რიონისპირელთა ფრთა გიორგი გოგიაშვილმა ‘პოკერი’ შეასრულა, ხოლო მარქაფადან ჩართულმა ბურჯმა ავთო ხუჯაძემ თავისი დებიუტი პირველ ლიგაში ‘ჰეთ-თრიკით’ აღნიშნა. ფრთა გიორგი აფრასიძის ლელოთი კი ‘ივერიამ’ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა.

გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა ‘ბაგრატისა’ და ‘არმიას’ შეხვედრა. რიონისპირელებმა ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და საათის თავს ‘ჯარის’ უპირატესობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენდა.

მატჩის საწყის მონაკვეთში ‘ბაგრატი’ სტატიკაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ‘ლეონსიოს’ ბიჭებმა თავი კარგად დაიცვეს და გუნდის მგეზავ ვიტო კირინისა და ჰუქერ შაკო კეთილაძის ლელოთა მეოხებით შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში ‘ბაგრატმა’ გაიბრძოლა. მასპინძელთა შუამარბ გიორგი გობეჯიშვილის ლელო, ფულბეკმა ბონდო ფრუძემ გარდასახა და რიონისპირელებს შეხვედრის გადარჩენის შანსიც გაუჩნდათ, თუმცა ტრავმირებული ბურჯის გამოკლების შემდეგ ‘ბაგრატი’ კაცნაკლული დარჩა და მეტის მიღწევა ვეღარ მოახერხა. ‘არმია’ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ხელდახელ თამაშით ეშურებოდა, დარჩენილ დროში 3 უპასუხო ლელოს გატანაც მოახერხა (ფულბეკი ბექა მაჭარაშვილი; მხტომელი სოლომონ ქარუხნიშვილი; მარბიელი ბექა გუგეშაშვილი) და საშურიც პრემიაც აიღო 29:7.

დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი პატარძეული ‘ვეფხვები’, დედაქალაქში ‘შევარდენზე’ სტეფანწმინდას ‘ყაზბეგს’ დაუპირისპირდნენ. პირველი წრის შეხვედრის მსგავსად, გარე კახელებმა ამჯერადაც ‘მშრალი’ ანგარიშით 24:0 იმარჯვეს.

მართალია, მოხევეებმა მედგრად და ბოლომდე იბრძოლეს, ‘ვეფხვებს’ თავსატეხიც არ მოაკლეს, თუმცა გარე კახელთა კლასმა და უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ‘ვეფხვები’ მატჩის დებიუტში ფულბეკ შმაგი სუხაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც მურაზ გიორგაძის ეფექტური ლელო მოჰყვა. ‘ვეფხვების’ შუამარბმა დაკიდებულ ოვალს კარგად შეურჩია ადგილი და ოვალი ერთი შეხებით ლელოდ აქცია. ტაიმის მიწურულს უკვე კახელთა ფრთა გიორგი კოტორაშვილმა მოახერხა ლელოს გატანა და შესვენებაზე ზვიად ცუხიშვილისა და ზურა ამონაშვილის შეგირდები 17-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში მოედანზე ვითარება არ შეცვლილა. მართალია, ‘ყაზბეგის’ დამრიგებელმა გოჩა ჩქარეულმა რამდენიმე შეცვლა და ტაქტიკური გადანაცვება განახორციელა, თუმცა ‘ვეფხვების’ დაცვა პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდა და მოხევეებს ლელოს დადების შანსიც არ დაუტოვა. მეორე ნახევრის შუაწელს კი მხტომელ თორღვა ქაცანაშვილის დადებული ლელოს მეოხებით, პატარძეულმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თან დაგეგმილი პრემიაც აიღო, რამაც სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულის მდგომარეობა უცვლელი დატოვა. პირველობის ლიდერი ‘არესი’, მდევარ ‘ვეფხვებსა’ და ‘არმიას’ კვლავინდებურად 4 და 8 ქულით უსწრებს.

‘ყაზბეგმა’ მოგებათა ფეიერული სერიის შემდეგ ფავორიტებთან სამივე მატჩი დათმო, თუმცა განვლილმა შეხვედრებმა მოხევეების პროგრესი ნათლად ცხადყო და შემადგენლობის მცირედით გაძლიერების შემთხვევაში, გოჩა ჩქარეულის გუნდს ნებისმიერ ლიდერთან წარმატების რეალური შანსი მიეცემა.

‘შევარდენის’ სარაგბო არენამ ტურის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა. ‘დინამო’ და ‘ტაო’ ლოკალური ამოცანის წინაშე იდგნენ. მესხები გამარჯვების შემთხვევაში მოწინავე კვარტეტს უბრუნდებოდნენ, ქართული რაგბის უხნესი გუნდი კი მიჯრით მეხუთე მოგებასა და სეზონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ეშურებოდა.

მატჩი თვალსასეირო და უხვქულიანიც გამოდგა. მეტოქეები უპირატესობას სწრაფ, გაშლილ თამაშს ანიჭებდნენ, თუმცა ‘დინამოს’ მიერ სტატიკაში მოპოვებული უპირატესობა გადამწყვეტ ფაქტორად იქცა. ლევან რამიშვილის შეგირდებმა 3 ლელო გაიტანეს (მღლეტელი თენგიზ ელიკაშვილი; მარბიელი ლევან რამიშვილი; ბურჯი გიორგი ჭუმბურიძე) და თან ‘დინამოელთა’ მოთამაშე-მწვრთნელმაც მოახერხა ლელოს დადება. ‘ტაოს’ მხრიდან ლელო პირველ ტაიმში ჰავბეკმა ლევან ხუციშვილმა გაიტანა. მონაგარს გუნდებმა 4-4 გატანილი ჯარიმაც დაურთეს და ‘დინამომ’ მატჩი 31:19 მოიგო. აღნიშნულმა სხვაობამ კი ‘დინამოს’ მესხებთან უკეთესი პირისპირ ბალანსი დაუფიქსირა და რამიშვილის ბიჭებმაც მიმდინარე ჩემპიონტში მეხუთე ადგილზე ანაცვლება პირველად მოახერხეს.

წლეულს კიდევ ერთი ტური გაიმართება, რომლის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირება უნდა გამოდგეს.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111563