გლაზგოს „სელტიკმა“ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - შოტლანდიის ლიგის თასი. ნილ ლენონის გუნდმა ფინალში „ჰემპდენ პარკზე“ მოძულე „რეინჯერს“ აჯობა და მატჩი როგორც ამ დაპირისპირებას სჩვევია დრამატული გამოდგა.
გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე ფრანგმა მცველმა კრისტოფერ ჟულიენმა გაიტანა, რომელიც შეტევაში შედეგიანად ჩაერთო. თუმცა, სტივენ ჯერარდის შეგირდებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ.
63-ე წუთზე ფრიმპონგმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, თავად წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი პენალტით დასაჯა. თუმცა, ალფრედო მორელოშმა შანსი ვერ გამოიყენა და ფრეიზერ ფორსტერმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია! საერთოდ ინგლისელმა მეკარემ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და "სელტიკი" არაერთხელ გადაარჩინა გოლს, რადგან უმეტესად "რეინჯერსი" ძალიან სახიფათოდ უტევდა და უპირატესობასაც ფლობდა. თუმცა, დარჩენილ დროში კაცნაკლულმა „სელტიკმა“ ანგარიში შეინარჩუნა და „ოლდ ფირმის“ დერბი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ „სელტიკმა“ ზედიზედ მეათე ტიტული დაისაკუთრა, რადგან წინა სამ სეზონში საშინაო ასპარეზზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და ახლაც ამავე შედეგს უმიზნებს.