ფეხბურთი

3:47 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" სკუდეტოზე ფიქრი დაიწყო, "იუვენტუსი" "ინტერს" კიდევ უფრო ჩამორჩა

ფეხბურთი არაპროგნოზირებადი, მაგრამ საბოლოო ჯამში ლოგიკური თამაშია. ლოგიკურია, რომ ტურინის „იუვენტუსის“ დაუმარცხებელი სერია ყველა ტურნირის ჩათვლით შეწყდა.

მაურიციო სარის გუნდი აქამდე დაუმარცხებელი მოვიდა (15 მოგება, 4 ფრე), მაგრამ თამაშის ხარისხიდან დიდი ხანია ჩანდა ხარვეზები და ისიც, რომ ადრე თუ გვიან, „იუვეს“ მოედნიდან გასვლა უქულოდ მოუწევდა. ეს კი, სერია A-ს მე-15 ტურში რომის „ლაციოსთან“ მოხდა.

ტურინელებმა კარგად დაიწყეს, კრიშტიანუ რონალდუს გოლითაც იგებდნენ, რომელიც ეფექტურ კომბინაციას მოჰყვა, მაგრამ ეს იყო პრაქტიკულად ერთადერთი სწორი თამაში სტუმართა მხრიდან. დანარჩენ შემთხვევაში „ლაციო“ დიდებულად გამოიყურებოდა და მიჯრით მეშვიდე თამაში დამსახურებულადაც მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია და ამ გამარჯვებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩაება.

რომაელებმა რონალდუს გოლი ზედ პირველი ტაიმის დასასრულს გაქვითეს, როდესაც ტურინელთა დაცვას უკან გადაკიდებულ ბურთს ბრაზილიელი მცველი ლუიზ ფელიპე გამოემხაურა და გაიტანა. თამაშში გარდატეხა 69-ე წუთზე მომხდარმა შეიტანა. მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევის ჩაშლა ხუან კუადრადოს მოუწია და კოლუმბიელს გარჯა ბოლო იმედის ჯარიმად ჩაუთვალეს - წითელი ბარათი და კაცნაკლული „იუვე“. „ლაციომ“ ეს უპირატესობა ჩინებულად გამოიყენა. მალევე, დაცვის ზურგს უკან კიდევ რბილად დაიდებული ბურთი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი შესანიშნავად გაერკვა სიტუაციაში და „არწივები“ დააწინაურა. სულ მალე უკვე ვოიცეხ შჩესნიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა, მაგრამ პოლონელმა შეცდომა გამოისყიდა. ჩირო იმმობილეს პენალტი გაანეიტრალა და დამატებაზეც არაფერი დაუთმო იტალიელს, შესანიშნავი სეივები მიითვალა. საპასუხოდ კი, სარის ბიჭებს ხეირიანი მართლა არაფერი შეუქმნიათ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მესამეც გაუშვეს. გოლი კონტრშეტევას მოჰყვა, სამი შემტევი ერთი მცველისა და მეკარის წინააღმდეგ იყო. შჩესნიმ პირველ ჯერზე ივარგა, მაგრამ ფელიპე კაისედომ დაამატა შედეგიანად - 3:1.

„იუვენტუსმა“ „ინტერის“ გადასწრების შანსი გაანიავა. მაგას ვინ ჩივის, ერთი ნაცვლად ახლა ორი ქულით ჩამორჩება და უკან „ლაციოს“ სუნთქვასაც გრძნობს, რომელიც მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ტურინულ გრანდს, ხოლო „ნერაძურის“ ხუთით და რატომაც არა სკუდეტოზე ფიქრი?! სიმონე ინძაგიმ ნამატჩევს თქვა კიდეც, რომ რატომაც არა, ამბიციურები უნდა ვიყოთ და ვნახოთ რა მოხდებაო. სხვათა შორის, რახან ეს თემა ვახსენეთ, მაურიციო სარიმაც ბრძანა თამაშის მერე, რომ სკიუდეტოსთვის სამნი, ჩვენ, "ინტერი" და "ლაციო" ვიბრძოლებთო. ბოლოსკენ ამ მატჩზე ისიც ვთქვათ, რომ 2003 წლის შემდეგ „ლაციომ“ „იუვე“ სერია A-ს ეგიდით პირველად დაამარცხა „სტადიო ოლიმპიკოზე“. „იუვენტუსი“ კი მიმდინარე სეზონში ასევე პირველად დამარცხდა. გეტყვით იმასაც, რომ ტურინელებს "ლაციოზე" შურისძიების შანსი სულ მალე, 22 დეკემბერს ექნებათ, რადგან ეს გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასისთვის გაეჯიბრებიან.

„ბებერ ქალბატონის“ გასაჭირი იმასთან რა მოსატანია, რაც „ნაპოლის“თავს ხდება. კარლო ანჩელოტი უკვე უსამსახუროდ დარჩენის საფრთხის ქვეშაა, თანაც იტალიურ მედიას თუ დავეყრდნობით, საქმე სერიოზულადაა, ჯენარო გატუზოც მზადაა მისი ყოფილი მწვრთნელი შეცვალოს. „ნაპოლიმ“ მიჯრით მეშვიდე მოუგებელი თამაში ჩაატარა და „უდინეზესთან“ ქულის გადარჩენა ბოლოსკენ პიოტრ ზიელინსკის გოლითღა მოახერხა. ნეაპოლელები 18 ქულით ცხრილის შუაში გაიჭედნენ და ამ სეზონში მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა თუ იქნება, თორემ ლიდერები უკვე ძალიან, ძალიან შორს არიან.

მანამდე, ბერგამოს „ატალანტამ“ „ვერონას“ დრამატულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი გოლით (3:2) მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 3:1 (1:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (კაისედო 90), ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო (პაროლო 75), ლულიჩი; იმმობოლე (კატალდი 85), კორეა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური (ემრე ჯანი 41), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (დანილო 71); დიბალა (იგუაინი 79), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (25), 1:1 ლუიზ ფელიპე (45), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 3:1 კაისედო (90)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (6), ლაძარი (63), ლუკას ლეივა (86), კაისედო (90) - პიანიჩი (11), დიბალა (37), შჩესნი (77)

გაძევება: კუადრადო (69)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მიკელ ფაბრი

„ატალანტა“ – „ვერონა“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 დი კარმინე (23), 1:1 მალინოვსკი (44), 1:2 დი კარმინე (57), 2:2 მურიელი (64, პენ), 3:2 დიმსიტი (90)

„უდინეზე“ – „ნაპოლი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლასანია (32), 1:1 ზიელინსკი (69)

თეგებისერია A
0.66271