ჭიდაობა

17:49 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “ყველას ვპატიობ შეურაცხყოფას და საერთო საქმისათვის ერთად მუშაობას ვთავაზობ”

ბოლო დღეებში, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში მომხდარი თითქმის ყველა სპორტული მოვლენა გადაწონა. აზრთა სხვადასხვაობა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ლუკა კურტანიძის მიერ თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების სამწვრთნელო შტაბის დათხოვნამ გამოიწვია. სიტუაცია იმ დონემდე გართულდა, რომ ქართული საჭიდაო სკოლის (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული) გარკვეულმა ნაწილმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას არსებობის განმავლობაში პირველად აქვთ შანსი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ზემოთნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” ლუკა კურტანიძეს ესაუბრა.

-საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველო ახალგაზრდებს შორის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს, თუ ისევ კანდიდატად ვითვლებით?

-6 დღის წინ თანხმობა მივიღეთ გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციიდან, რომელიც საქართველოში კომისიას გამოაგზავნის, რათა ახალგაზრდებს შორის 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენი მზადყოფნა შეისწავლოს. კომისიისათვის შესაბამისი თანხა უკვე გადავიხადეთ და უახლოეს მომავალში ველოდებით.

-კონკრეტულად რა ევალება იმ კომისიას, რომელიც საქართველოში ჩამოვა?

-პირველყოვლისა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი სურვილი და განწყობა, რათა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. შემდეგ მოდის ბაზების, სასტუმროების, ტრანსპორტის და სხვა შედარებით წვრილმანი მხარეების შემოწმება. თუ აღნიშნულ ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, ეს ჩვენთვის დიდი დაფასება და წინაპირობა იქნება, რათა მომავალში ძირითადი გუნდების მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ.

-2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მასპინძლობაში საქართველოს კონკურენტი არ ჰყოლია?

-როგორ არა, საქართველოს კონკურენტი საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი იყო, რომელმაც ამ ეტაპზე თავისი კანდიდატურა მოხსნა და 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

-როდის გახდება ცნობილი საბოლოოდ, ახალგაზრდებს შორის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ვინაობა?

-2015 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ ევროპის ოლიმპიური ჩემპიონატის მსვლელობის დროს. შემიძლია გითხრათ, რომ 99%-ით ჩემპიონატის თბილისში ჩატარების საკითხი გადაწყვეტილია.

-თუ თბილისს კონკურენტი არ ჰყავს რატომ 99 და არა 100%-ით?

-შეიძლება ხელის შემშლელი მიზეზი ის ხალხი აღმოჩნდეს, რომლებსაც სურთ ულტიმატუმის ენით გველაპარაკონ და საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არეულობა შეიტანონ. საქმისადმი ასეთმა მიდგომამ შეიძლება 2016 წელს აღნიშნული ჩემპიონატის თბილისში ჩატარებას საფრთხე შეუქმნას.

-თუ შეიძლება კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ, რა გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რევაზ მინდორაშვილისა (თავისუფალი ჭიდაობა) და ბეგი დარჩიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გადაყენების მიზეზი, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია?

-მათი ცუდი მუშაობა. 2 წელია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი მედალიც კი არ აუღია. მედალს რომ თავი დავანებოთ, ბოლო ჩემპიონატზე ათეულშიც კი ვერ მოხვდნენ. იმის გარდა, რომ ცუდი შედეგი მივიღეთ, ასევე ძალიან ცუდი იყო გუნდში დისციპლინაც. მთავარი მწვრთნელის არასწორი გადაწყვეტილების გამო, რამდენიმე სპორტსმენი დაუმსახურებლად დარჩა ნაკრებს მიღმა. მაგალითად კობიაშვილი, რომელიც ძალიან პერსპექტიულია, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა ტურნირებში მსოფლიოს 2 ჩემპიონს მოუგო, მაგრამ ნაკრებში მაინც ვერ მოხვდა.

ვერავინ იტყვის, რომ ნაკრებ გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი პირობები არ ჰქონდათ. ბოლო 1 წლის განმავლობაში, ასაკობრივი გუნდების ჩათვლით, მთლიანობაში ექვსმა ნაკრებმა 50 შეკრება გაიარა და ამ ყველაფრისათვის 1 612 000 ლარი დაიხარჯა. დამეთანხმებით, რომ ფინანსურად ჩვენნაირი შეჭირვებული ქვეყნისათვის ეს თანხა ცოტა ნამდვილად არაა. იმის ნაცვლად, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვეძებოთ, მოჭიდავეთა და მწვრთნელთა გარკვეულმა ნაწილმა დღის წესრიგში თანამდებობიდან ჩემი გადაყენების საკითხი დააყენა. ეს მაშინ, როდესაც ფედერაციაში პრეზიდენტად ჩემი მოსვლის დღიდან სულ რაღაც წელიწადსა და 9 თვეში ფედერაციის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჰონორარები. მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონი - 175, მსოფლიო ჩემპიონი - 85, ხოლო ევროპის ჩემპიონი - 52 000 ლარს მიიღებს. მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონს მოამზადებს, ცალკე იმ თანხის ნახევარს აიღებს, რაც ჩემპიონისთვის არის გათვალისწინებული. მაშინ, როცა აქტიური სპორტსმენი ვიყავი, ასეთი ანაზღაურება რომ მქონოდა, მილიონერი ვიქნებოდი.

-ჩემპიონობისთვის თქვენ რა თანხას ღებულობდით?

-2001 წელს, როდესაც მეოთხედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, ჰონორარის სახით 1 500 ლარი მივიღე.

-დავუბრუნდეთ ისევ ნაკრების ყოფილ მწვრთნელთა საკითხს... მინდორაშვილმა რაღა დააშავა? მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, კონკრეტულად კი ხინჩეგაშვილი, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.

-დარჩიასაგან განსხვავებით, მინდორაშვილთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს, მაგრამ არც მისი მუშაობით ვარ კმაყოფილი. სამწვრთნელო შტაბის დაუდევრობა რომ არა, ხინჩეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო.

-თუ არის შესაძლებელი, რომ მინდორაშვილი და დარჩია მათი განთავისუფლების შემდეგ შექმნილი პრობლემების გამო, თავიანთ თანამდებობებს დაუბრუნდნენ?

-გამორიცხულია, რადგან მათი შემცვლელები უკვე დანიშნულები არიან. მინდორაშვილი გამოცდილმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა, ხოლო დარჩია მსოფლიოს ექს ჩემპიონმა მიხეილ სალაძემ შეცვალა.

-რას უპირებთ სამსახურის გარეშე დარჩენილ მწვრთნელებს?

-მინდორაშვილი იმ იშვიათ სპორტსმენთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ოლიმპიადაც აქვს მოგებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მინდიაშვილს სურს თავისი ენერგია და გამოცდილება ისევ ჭიდაობას მოახმაროს, მე მას ფედერაციაში ვიცე პრეზიდენტის პოსტს ვთავაზობ. რაც შეეხება დარჩიას, არავინ უშლის, შეუძლია რიგით მწვრთნელად გააგრძელოს მუშაობა, ისევე, როგორც მასზე ბევრად უფრო ტიტულავანი მწვრთნელი მუშაობს.

-ოპოზიცია ერთ-ერთ ბრალდებად თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას გიყენებთ...

-მე მათ ვურჩევ კარგად ჩაიხედონ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წესდებაში, წაიკითხონ და აზრი ამის შემდეგ გამოთქვან.

-გასაგებია “თავისუფლების” მთავარ მწვრთნელად სხირელის დანიშვნა, რომელსაც არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ჰყავს აღზრდილი. სხირელისაგან განსხვავებით, სალაძეზე რას გვეტყვით? მართალია იგი კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ მწვრთნელად მუშაობის არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს...

-სალაძე მსოფლიოს ექს ჩემპიონია. დიდი ხანი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა და ამით ყველაფერია ნათქვამი. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკრებში დისციპლინა ყველგან მოისუსტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი მთავარი მოვალეობა ამ პრობლემის მოგვარება იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკრებში სალაძის ასისტენტები გამოცდილი მწვრთნელები ოთარ ტატიშვილი და მსოფლიოს ექს ჩემპიონი თემურ აფხაზავა იქნებიან, არამგონია მთავარ მწვრთნელს პრობლემები შეექმნას.

-სპორტსმენთა დიდი ჯგუფი პროტესტის ნიშნად ფალავანთა კლუბის საჭიდაო დარბაზში შესვლას არ აპირებს. მათი მოთხოვნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია. თუ მოჭიდავეებმა პროტესტი არ შეწყვიტეს და ასე გააგრძელეს, ფედერაციის ამჟამად მოქმედი ხელმძღვანელობა რას აპირებს?

-საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოჯახი მარტო თბილისით არ შემოიფარგლება. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მყოფი სპორტსმენები პროტესტს არ უერთდებიან და ვარჯიშს განაგრძობენ. ნაკრების ახალი მწვრთნელები შეიმუშავებენ ახალ 2015 წლის ტურნირების კალენდარს, დაგეგმავენ საქართველოს ჩემპიონატს და ვინც მოიგებს, ნაკრებში იასპარეზებს.

ვინც ულტიმატუმით დაიწყებს საუბარს, შეუძლია თავისი ადგილი სხვა სფეროში მოძებნოს. ოპოზიციის მხრიდან ისეთი ადამიანებიც კი აქტიურობენ, რომლებსაც საქართველოს ჩემპიონატიც კი არ აქვთ მოგებული. ისინი ამ გზით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

მიუხედავად ჩემი დიდი შეურაცხყოფისა, მე არ ვარ ის კაცი წყენა გულში ჩავიდო. ამიტომ, ჩემ შეურაცხმყოფელებს ყველას ვპატიობ და ქვეყნისათვის სასიკეთო საქმისათვის ერთად მუშაობას ვთავაზობ.

0.11649