ფეხბურთი

4:37 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "წლები მიფრინავს..."

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ ისაუბრა. არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ წლების წინ ვერ წარმოიდგენდა მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოგებას.

ამასთან, ლეომ დასძინა, რომ წლები მიფრინავს და ასეთი ლამაზი მომენტებისგან სიამოვნების მაქსიმალური მიღებაა საჭირო.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებმაც ხმა მომცეს, ჩემს თანაგუნდელებს, კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა შესანიშნავი წელი მქონოდა ტურნირებში გამარჯვებებთან და წაგებებთან ერთად. თქვენ ამ ჯილდოს ნაწილი ხართ. როდესაც პირველი „ოქროს ბურთი“ მოვიპოვე, 22 წლის ვიყავი და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მეექვსე „ოქროს ბურთს“ ჩემი მეუღლისა და სამი შვილის თვალწინ მოვიგებდი.

ვიცი ჩემი ასაკი და ეს მომენტი კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დრო მიფრინავს, ძალიან სწრაფად გადის, ამიტომ, სიამოვნების მიღება საჭიროა. ინდივიდუალური ჯილდოები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის მეორეხარისხოვანია გუნდურ ტიტულებთან შედარებით. ეს ჯილდო ჩემი თანაგუნდელებისიცაა, არამარტო ჩემი“, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ოქროს ბურთი“ 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში მოიგო. ახლა მესი რეკორდსმენია და კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ხუთი „ოქროს ბურთი“ (2008, 2013, 2014, 2016, 2017) აქვს, უკან მოიტოვა.

0.146837