ფეხბურთი

12:23 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"წაგება ეზიზღებოდათ, ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს მყოლია" - ერიქსონი რომის "ლაციოზე"

სვენ-გორან ერიქსონს თავისი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სად არ უმუშავია. მათ შორის „ბენფიკაში“, „რომაში“, „სამპდორიაში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ლესტერ სიტიში“, მექსიკის ნაკრებში, ინგლისის ნაკრებში...

თუმცა, როგორც თვითონ თქვა, „ლაციო“ ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელიც ჰყოლია. მაშინდელი „ლაციო“ მართლაც მრისხანე გუნდი იყო და აი, რას ფიქრობს წლების შემდეგ სვენ-გორანი:

„ლაციო“ საუკეთესო გუნდია, რომელშიც ჩემს ცხოვრებაში მიმუშავია. ბევრი ფეხბურთელი გვყავდა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერები იყვნენ. ყველა გამარჯვებული მენტალიტეტის, წაგება ეზიზღებოდათ. დაცვაში ჩვენ გვყავდა ალბათ საუკეთესო მცველი: ალესანდრო ნესტა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, ყველაფერი ჰქონდა: მაღალი იყო, ძლიერი და სწრაფი. გვყავდა მიხაილოვიჩი, რომელსაც მანამდე „სამპდორიაში“ ვავარჯიშებდი და ყოველთვის მინდოდა „ლაციოში“ წამეყვანა. თუ ჩვენ ვისაუბრებთ მცველზე, რომელსაც ფეხით თამაში შეეძლო, ის უდაოდ საუკეთესო იყო. დაცვაში ფავალი, ნეგრო და პანკაროც გვყავდა, მათ შეეძლოთ ეთამაშათ, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე, საფეხბურთო სამყაროში დიდად აღიარებულნი არ არიან, მაგრამ ძალიან ძლიერები იყვნენ.

ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ლეგენდა თამაშობდა - პაველ ნედვედი. ის სუპერპროფესიონალი იყო, სწრაფად დარბოდა, ტაქტიკურად ძალიან ძლიერი იყო. გამიკვირდა, რომ მწვრთნელი არ გახდა. ცენტრში სიმეონე, სენსინი და ვერონი თამაშობდნენ, ამ უკანასკნელთან ერთად უფრო ძლიერები გავხდით, თამაშის განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა და ძალიან ტექნიკური გახლდათ. შეტევაში სალასი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მთელი გუნდის პლეიმეიქერი კი რობერტო მანჩინი გახლდათ. ის თანაგუნდელებს ეუბნებოდა: „როდესაც ბურთს მივიღებ, მხოლოდ შეტევაზე იფიქრეთ და წინ გაიქეცით, დარწმუნებული იყავით ბურთი თქვენთან მოვა“. იგივე საქმის გაკეთება მიხაილოვიჩსაც შეეძლო“, - თქვა ერიქსონმა.

რომაელებს შვედი 1997-2001 წლებში ავარჯიშებდა და „არწივების“ ოქროს ხანაც ამ პერიოდთან ასოცირდება. „ბიანკოჩელესტეს“ ერიქსონმა იტალიის ჩემპიონობა, იტალიის თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი (ორჯერ), თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა, ერთხელ კი უეფას თასის ფინალში გაიყვანა.

0.114287