არტურო ვიდალი „ბარსელონაში“ არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, გუნდს დატოვებს. როგორც ჩილელმა ფეხბურთელმა განაცხადა, უნდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფგიურად მოიაზრებოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე „ბარსაში“ ასე არაა.
„სიამოვნებით დავრჩებოდი კარიერის ბოლომდე აქ, მაგრამ უნდა ვიყო ობიექტური და ვიცხოვრო ყოველდღიურობით. თუ დეკემბერში ან სეზონის ბოლო არ ვიგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვარ, სხვა გამოსავალს მოვძებნი და წავალ იქ, სადაც მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიქნები“, - თქვა ვიდალმა.
მიმდინარე სეზონში ჩილელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 13 თამაში ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ ოთხჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში (სამჯერ ლა ლიგაში, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე). მიუხედავად არც ისე დიდი სათამაშო დროისა, ვიდალმა უკვე მოასწრო 4 გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჩილელი „ბარსელონას“ შარშან შეუერთდა, ხოლო მანამდე „ბაიერნის“, „იუვენტუსის“, „ლევერკუზენისა“ და „კოლო კოლოს“ ღირსებას იცავდა. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, მაინც „იუვენტუსს“ უკავშრდება, სადაც გუნდის ლიდერი იყო.
ვიდალს გასული ზაფხულიდან მოყოლებული ყველაზე აქტიურად მილანის „ინტერს“ უკავშირებენ, სადაც მისი ძველი ნაცნობი ანტონიო კონტე მუშაობს და ჩილელის გადაბრება ძალიან უნდა.